„პროგრესული საქართველოს” თავმჯდომარის, გიორგი კვაბზირიძის განცხადებით, ახალ „საარჩევნო კოდექსში“  ბარიერები უნდა მოიხსნას, რათა ახალ ძალებს, ახალ სახეებს მიეცეთ საშუალება თავიანთი შეხედულებები და ხედვები გაუზიარონ საზოგადოებას 

6 ახლადშექმნილი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარის, ანა დოლიძის ინიციატივით „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას შეხვდნენ.

ანა დოლიძის განცხადებით, შეხვედრა იყო საკმაოდ კონსტრუქციული და განიხილეს ყველა ის დაბრკოლება, რაც ართულებს ახალი პარტიების მხრიდან არჩევნებში მონაწილეობას.

ამასთან, როგორც  „პროგრესული საქართველოს“  თავმჯდომარე, გიორგი კვაბზირიძე აცხადებს, შექმნილია გარკვეული საკანონმდებლო ბარიერები, რაც უნდა მოიხსნას იმიტომ, რომ ახალ ძალებს , ახალ სახეებს მიეცეთ საშუალება თავიანთი შეხედულებები და ხედვები გაუზიარონ საზოგადოებას.

,,გვქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და მინდა ავღნიშნო, რომ შეხვედრა იყო საკმაოდ კონსტრუქციული. კერძოდ, ახლად შექმნილი პარტიებისთვის, რაზეც არის დაკვეთა საზოგადოების მხრიდან და ამას ყველა ხედავს,  შექმნილია გარკვეული საკანონმდებლო ბარიერები. ვფიქრობთ, რომ ეს ბარიერები უნდა მოიხსნას იმიტომ, რომ ახალ ძალებს , ახალ სახეებს მიეცეთ საშუალება თავიანთი შეხედულებები და ხედვები გაუზიარონ საზოგადოებას. თავის მხრივ საზოგადოებასაც მიეცეს საშუალება, რომ ამა თუ იმ პარტიას დაუჭიროს ან არ დაუჭიროს მხარი. იმედია, რომ საქართველოს პარლამენტი, ისევე როგორც სახელისუფლებო და ასევე ოპოზიციური პარტიები, ახლად შექმნილ პარტიებს მისცემენ საშუალებას, რომ არსებული ბარიერების გარეშე მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და განვითარდნენ,“ – განაცხადა გიორგი კვაბზირიძემ.

პარტია „ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე აღნიშნავს, რომ საარჩევნო კანომდებლობა ახდენს ახალი პარტიების დისკრიმინირებას.

მისივე თქმით, მათ მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,  კახა კუჭავას და შეხვედრამ ჩიარა თანამშრომლობით ატმოსფეროში,

,,ჩვენი არის 6 ახალი პარტიის ინიციატივა, რადგანაც საარჩევნო კანომდებლობა ახალი პარტიების დისკრიმინირებას ახდენს. ჩვენს წინაშეა განუზომებლი და სერიოზული დაბრკოლებები, რაც ართულებს ახალი პარტიების მხრიდან არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენ მივმართეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ კახა კუჭავას, შეხვედრამ ჩიარა თანამშრომლობით ატმოსფეროში. წარმოვადგენთ უკვე კანონმდებლობის სახით, თუ რა უნდა შეიცვალოს. უნდა შეიცვალოს, მათ შორის ის, რომ საჭიროა ჩვენი პირობები, არჩევნებში მონაწილეობისას, გათანამბრდეს  იმ პირობებთან, რომელიც ჰქონდათ უკვე არსებულ საპარლამენტო ფრაქციებს. თუ მათ შეაგროვეს მხოლოდ 5000 ხელმოწერა, ჩვენ დღეს გვიწევს 25 000 ხელმოწერის წარდგენა.

ჩვენ წარმოვადგენთ ინიციატივას და შემდეგ იმედი გვაქვს, როგორც ქართული ოცნების, ისევე ოპოზიციური დეპუტატების მხარდაჭერის და მგონია, რომ ყველას ინტერესებშია დავიცვათ ქართველი ხალხის დაკვეთა, რათა ახალი პარტიები, ძალები შემოვიდნენ პოლიტიკაში. უკვე ვნახეთ არაერთხელ, რომ ეს არის ქართველი ამომრჩევლების სურვილი,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ პარტიები –  „ხალხისთვის,“  „პროგრესული საქართველო”,  „ალტერნატივა”, „რეფორმატორები”, „ერი და სახელმწიფო “.