არჩილ თალაკვაძე – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შვიდთვიანი ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟი დაამთავრა, ვიდრე დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, ისინი მარგინალურ ზონაში რჩებიან

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შვიდთვიანი უშინაარსო, ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟი დაამთავრა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, ვიდრე ისინი ხელს არ აწერენ შარლ მიშელის დოკუმენტს, რჩებიან მარგინალურ ზონაში.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შვიდთვიანი უშინაარსო, ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟი დაამთავრა. მათ მოუიწიათ პარლამენტში შემოსვლა იმიტომ, რომ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, ეს არის დემოკრატია და არავის ეპატიება მოქალაქეების არჩევანის უგულებელყოფა, არავის ეპატიება საზოგადოების მოტყუება. დანარჩენ პასუხებს უკვე ისინი პარლამენტში მიიღებენ შემდეგი თვეების განმავლობაში, როგორც თვითონ ამბობენ.

მათ მოუწევთ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაც. ვიდრე მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ, ისინი რჩებიან მარგინალურ ზონაში, როგორც ანტისისტემური და რადიკალური პოლიტიკური პარტია. ისინი რჩებიან ევროპული ღირებულებების მიღმა, ვიდრე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიღწეულ შეთანხმებას ხელს არ მოაწერენ. დანარჩენზე აი აქ, პარლამენტის დარბაზში თქვენ ნახავთ, თუ რა პასუხებს მიიღებენ ყველა იმ ანტისისტემურ, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებაზე, რაც მათ ჰქონდათ თვეების განმავლობაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.