სამართალი ნამდვილად ურმით დადის, სამართალმა პური ჭამა, „ნაცმოძრაობა“ ზის პარლამენტში და მე ტრიბუნასთან ვდგავარ – ლევან იოსელიანი

ნამდვილად ისტორიულ დღეს მომიწია ტრიბუნასთან დგომა, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა.

იოსელიანმა კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

„არ მოველოდი, რომ ჩემი საკითხის განხილვის დროს, როდესაც პირველი მოსმენით გამომაქვს კანონპროექტი, ვიხილავდი „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში და პირველ რიგში, მოგილოცავთ პარლამენტში შემობრძანებას. არ ვაპირებ ახლა, ეს ტრიბუნა გამოვიყენო იმისთვის, რომ პასუხი გავცე ყველა იმ ბრალდებას, იმ ტალახს, რაც თქვენ, თქვენმა პარტიამ მე და ალეკოს გვესროლეთ. ამისი საშუალება აუცილებლად გვექნება, აუცილებლად ყველაფერზე გაგცემთ პასუხს.

უბრალოდ, ვიტყვი ერთ რამეს, რომ სამართალი ნამდვილად ურმით დადის და დღეს ის დღეა, როდესაც სამართალმა პური ჭამა, თქვენ სხედხართ აქ და მე ვდგავარ ტრიბუნასთან; გესაუბრებით და ბევრი რამის თქმა შემიძლია, ოღონდ მირჩევნია იმ საკითხზე ვილაპარაკო, რაც ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტად ადარდებთ და ჩვენს მოქალაქეებს ადარდებთ ნამდვილად ის უბედურება, რაც ჩვენს ქვეყანაში ტრიალებს. ეროვნული ტრაგედიის მასშტაბის ამბავია, როდესაც ყოველწლიურად ჩვენს გზებზე იღუპება დაახლოებით 450 ადამიანი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.