მმართველი პარტიის დღევანდელ ხელმძღვანელობას ჩვენთან დაპირისპირების არც ინტელექტუალური, არც მორალური რესურსი არ აქვს, სამწუხაროდ, ამ ხალხმა თავი ამოწურა – გიორგი გახარია

ბიძინა ივანიშვილისგან ველოდი კრიტიკას, მაგრამ არა ასე სწრაფად და ასეთი ფორმით – ამის შესახებ პარტია ,,საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ ადამიანების რესურსი, ვინც ქმნიან ამინდს ამ ქვეყენაში, არის ამოწურული. გახარია თვლის, რომ სწორედ ეს იყო რამაც ბიძინა ივანიშვილი აიძულა, მსგავსი მძაფრი განცხადებით გამოსულიყო.

,,ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას ველოდი რამდენიმე ობიექტური მიზეზის გამო. პირველ რიგში იმიტომ, რომ ობიექტური რეალობა არის ის, რომ დღევანდელი მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას ჩვენთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს, არც ინტელექტალური არც მორალური. სამწუხაროდ ეს არის ხალხი, რომელმაც თავისი თავი ამოწურა. მე, რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ ყველაზე. იქ არის ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში იბრძვიანი ქვეყნისთვის. მაგრამ ისე დალაგდა სიტუაცია, რომ იმ ადამიანების რესურსი, ვინც ქმნიან ამინდს ამ ქვეყენაში, არის ამოწურული. მე ვთვლი რომ ეს იყო რამაც ბიძინა ივანიშვილი აიძულა, მსგავსი მძაფრი განცხადებით გამოსულიყო, ეს განცხადება ჩემთვის მისი ტონალობით იყო აბსულუტურად მოულოდნელი,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.