ანრი ოხანაშვილი გახარიაზე – როცა საუბრობს ნეპოტიზმზე და კორუფციულ სქემებზე, თუ ფაქტები აქვს, უნდა დადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის უხერხული

სულ მცირე უხერხულია, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შს მინისტრი საუბრობს იმ გუნდთან მიმართებაში და ისეთ საკითხებზე, რომელიც არაფერში ჯდება და არის ტყუილი, – ასე ეხმიანება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას  „ტვ პირველის” ეთერში გაკეთებულ გუშინდელ განცხადებებს.

მისი თქმით, მსგავსი საუბარი, რომელიც ფაქტებს არ ეყრდონა, ჭორაობაა.

„როცა საუბრობს ნეპოტიზმზე და კორუფციულ სქემებზე, თუ ფაქტები აქვს, უნდა დადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის უხერხული და თვითონ იყენებენ ხოლმე სიტყვა ჭორაობას, სწორედ ამას ემსგავსება ასეთი საუბარი საკითხებზე, რომელზეც ინფორმაცია უნდა ჰქონოდა თუ ასეთს ჰქონდა ადგილი და რეაგირებაც უნდა ჰქონოდათ. მათი პასუხისმგებლობაა თუ იცოდა და რეაგირებას არ ახდენდნენ,”- განაცხადა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით გიორგი გახარიას გუშინდელ განცხადებას, ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერის მხრიდან მსგავსი განცხადება სამარცხვინოა.

„სამარცხვინოა ასეთი ეპითეტებით მოხსენიება, რაც უნდა პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზანი გქონდეს. ვფიქრობ, ყოფილი პრემიერის მხრიდან მსგავსი განცხადება არის სამარცხვინო“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.