კახა კალაძე – სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტობუსის ზოლში გაჩერებული მანქანა დაჯარიმდება

სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუ ავტობუსის ზოლში გაჩერდება ავტომანქანა, ის დაჯარიმდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია ერთ-ერთი პრობლემური სატრანსპორტო მონაკვეთია, რადგან აქ ფუნქციონირებს „მაკდონალდსის“ „დრაივი“ და პიკის საათებში მომლოდინე ავტომანქანების რიგი დგება.

„ბევრი ვიმუშავეთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით და ერთადერთი გადაწყვეტა არის ვიდეოსათვალთვალო კამერის დაყენება. იმ შემთხვევაში, თუ ავტობუსის ზოლში გაჩერდება ავტომანქანა, თუნდაც „დრაივზე“ რიგის დაკავების მიზნით, ის დაჯარიმდება. აქედან გამომდინარე, მინდა მოვუწოდო მძღოლებს, რომ ამ ადგილას არ დააკავონ ავტობუსის ზოლი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაეკისრებათ ადმინისტრაციული სახდელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.