არჩილ თალაკვაძე – 20 ივნისის მოვლენების დროს უმრავლესობის პრაქტიკულად ყველა ლიდერი პარლამენტში იყო, მათ შორის გახარიასთან არაერთი შეხვედრა ჰქონდათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 20 ივნისის მოვლენების დროს საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი მთელი დღის განმავლობაში, გვიან ღამემდე პარლამენტში იმყოფებოდა.

აღნიშნულით თალაკვაძემ უპასუხა კითხვას გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ 20 ივნისის ღამეს „ქართული ოცნების“ ლიდერები არ იძებნებოდნენ პარლამენტში.

მისივე თქმით, როდესაც გახარიას რაიმე სჭირდებოდა, მასთან უმრავლესობის ლიდერებს პარლამენტში არაერთი შეხვედრა ჰქონდათ.

„არ მინახავს ჩვენს კაბინეტებში შემოსულიყო. მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ პარლამენტი, საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი მთელი დღის განმავლობაში გვიან ღამემდე, ვიდრე აქცია დასრულდა, პარლამენტში ვიმყოფებოდით. პირადად მე მახსოვს, რომ უმრავლესობის პრაქტიკულად ყველა ლიდერი პარლამენტში გახლდათ, მათ შორის გიორგი გახარიასთანაც ჰქონდათ შენობაში არაერთი შეხვედრა, როდესაც მას რამე სჭირდებოდა. მე ჩემს სამუშაო ადგილზე ვიმყოფებოდი იმ მომენტიდან, როდესაც უკვე აქცია გადავიდა აგრესიულ ფორმებში და პოლიციელების მიმართ, ასევე პარლამენტზე დაიწყო ძალადობრივი შეტევა. გამთენიამდე ჩვენ პარლამენტში ვიყავით. შესაბამისად, ეს განცხადება, რაც გააკეთა, არასწორია და სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.