ჩვენი მხარდაჭერა ყოველდღიურად იზრდება და ყველა მხარე გახდა ჩვენი ოპოზიცია – გიორგი ხოჯევანიშვილი

პარტია „საქართველოსთვის” წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას მიმართ ბრალდებებს, საზოგადოების მხრიდან გაზრდილ მხარდაჭერას უკავშირებს.

ხოჯევანიშვილის თქმით, მხარდაჭერა შეუქცევადად იზრდება და ამის გამო მმართველი პარტიის ხელმძღვანელები ნერვიულობენ:

“ბრალდებების ნიაღვარმა მოიმატა მას შემდეგ, რაც დაფუძნდა ჩვენი პარტია და მმართველი გუნდის ხელმძღვანელები აშკარად ნერვიულობენ და ხედავენ იმას, რომ საზოგადოების მხრიდან ჩვენი მხარდაჭერა ყოველდღიურად იზრდება. ყველა მხარე გახდა ჩვენი ოპოზიცია, მათ შორის მმართველი გუნდიც და ამაზე პასუხიც ძალიან მარტივია. მათ ეშინიათ იმ ტენდენციის, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, საზოგადოების მხრიდან ჩვენდამი მხარდაჭერას ვგულისხმობ და ეს პროცესი შეუქცევადია ნამდვილად,” – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ცნობისთვის,  “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  “რუსთავი 2”-ის ეთერში  ქვეყნის ყოფილი პრემიერი “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად სავარაუდო პოლიტიკური დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა.