უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – სრული გულწრფელობით მინდა გითხრათ, რომ ასეთი დამოუკიდებელი სასამართლო არ ყოფილა არცერთ ეტაპზე

სასამართლო პოლიტიკური გავლენისგან სრულად დამოუკიდებელია, თუმცა საკითხები საჭიროებს დახვეწას ინდივიდუალური დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. შეიძლება პოლიტიკურად დამოუკიდებელი იყოს მოსამართლე, მაგრამ რაღაც შიდა ბოჭვა ჰქონდეს,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა კითხვას, არის თუ არა სასამართლო დამოუკიდებელი.

მისივე განცხადებით, სასამართლო ყველა თავის გადაწყვეტილებაში დამოუკიდებელია.

„სრული გულწრფელობით მინდა გითხრათ, რომ ასეთი დამოუკიდებელი სასამართლო არ ყოფილა არცერთ ეტაპზე. შესაძლებლობა გაქვთ, რომ შეხვდეთ ნებისმიერ მოსამართლეს. მე შევთავაზე ჩვენი დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც, ექსპერტებს, ელჩებს, შეხვდნენ მოსამართლეებს და თუნდაც ჩემს გარეშე ისაუბრონ სასამართლო სისტემაზე. სრული დამოუკიდებლობა, როგორც სრული ჭეშმარიტება არ არსებობს. პოლიტიკური გავლენისგან ვამბობ, რომ სრულად დამოუკიდებელია სასამართლო, თუმცა საკითხები საჭიროებს დახვეწას ინდივიდუალური დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. შეიძლება პოლიტიკურად დამოუკიდებელი იყოს მოსამართლე, მაგრამ რაღაც შიდა ბოჭვა ჰქონდეს. ამიტომ ამ უნარჩვევების დაძლევაზე, ჩვენ, ბუნებრივია, უნდა ვიმუშაოთ. სრულად დამოუკიდებელია სასამართლო. ვერ მოიყვანთ ვერცერთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელშიც სასამართლო არ იყო დამოუკიდებელი და არ მოქმედებდა გონიერების ფარგლებში“, – აცხადებს ქადაგიძე.

ნინო ქადაგიძემ სასამართლოში არსებულ „კლანებზეც” ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ამაზე  „საუბარი უკვე უხერხულია”.

“მაშინ უნდა ვთქვათ კონკრეტული მაგალითები და ვითხოვ, დავდოთ კონკრეტული მაგალითები,რაში ვლინდება სასამართლოში “კლანის”არსებობა”,  – აღნიშნა ნინო ქადაგიძემ.