ალეკო ელისაშვილი „ნაცმოძრაობას“ – თქვენ იკადრეთ და ფულის აღება დამაბრალეთ – 43 წლის ვარ და ღმერთმა იცის, სუს-მაც და „ქართულმა ოცნებამ“, რომ ხელფასის მიღმა არასდროს არცერთი თეთრი ამიღია

თქვენ იკადრეთ და ფულის აღება დამაბრალეთ მე, კონკრეტულ თანხას ასახელებდით, თვიდან-თვემდე რამდენი შემომთავაზა და გადამიფორმა ბიძინა ივანიშვილმა, ახლა გეკითხებით, თქვენ რომ შემოხვედით, თქვენც აიღეთ ფული ბიძინა ივანიშვილისგან?! – ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.

ელისაშვილის განცხადებით, გაუგებარია რატომ შევიდა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, თუ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

„ზოგიერთი იდგა და გვწყევლიდა, ზიზღს აფრქვევდა და რას არ გვაბრალებდა. 43 წლის ვარ და ღმერთმა იცის, სუს-მაც და „ქართულმა ოცნებამ“, რომ ხელფასის მიღმა არასდროს არცერთი თეთრი არ ამიღია. მეზიზღება კორუფცია, ყველა, ვინც არის მექრთამე და ჩართული კორუფციაში. თქვენ იკადრეთ და ფულის აღება დამაბრალეთ მე, კონკრეტულ თანხებს ასახელებდით, თვიდან-თვემდე რამდენი შემომთავაზა და გადამიფორმა ბიძინა ივანიშვილმა, ახლა გეკითხებით, თქვენ რომ შემოხვედით, თქვენც აიღეთ ფული ბიძინა ივანიშვილისგან?!

შეთანხმებას ხელი არ მოაწერეთ, არადა ამ შეთანხმებით თქვენი ლიდერი და გიორგი რურუაც გამოვიდა, კრიზისი განიმუხტა, პარლამენტმა ფუნქციონირება დაიწყო და გაგეხსნათ თქვენც გზა რომ შემოსულიყავით. კარგი, ხელს არ აწერთ, მაგრამ იმ შეთანხმებაში წერია, რომ საარჩევნო რეფორმა უნდა გატარდეს, რათა ერთხელ და სამუდამოდ ნორმალური არჩევნები ჩავატაროთ, გააყალბეს არ ვიძახდეთ და ახალ თამარ ჟვანიას არ ვასახელებდეთ. მართლმსაჯულების რეფორმა წერია, მურუსიძეს ხან ერთი იძახდით ხან მეორე, ერთმა მოიყვანეთ და მეორემ – დატოვეთ. ეს მურუსიძე რომ არ ისმოდეს და სასამართლო ნდობასთან იყოს ასოცირებული, ის წერია ამ დოკუმენტში. ამას ხელს არ აწერთ, საარჩევნო რეფორმას ხელს არ აწერთ, თქვენი ლიდერები ამ შეთანხმებით გამოვიდნენ ციხიდან აქ რისთვის შემოხვედით ეს მაინტერესებს? მე აქ ვარ შემოსული, რომ ხალხს ვემსახურო, ისეთ გაჭირვებაშია ხალხი, რომ ლუკმა პური ენატრებათ“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.