ედიშერ ქარჩავა – შევხვდით სოცმუშაკებს, ფსიქოლოგებს, ბავშვებს და დავრწმუნდით, რომ ნინოწმინდის პანსიონში არანაირი საფრთხე არ არის

საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სამსახურის დაახლოებით 20 თანამშრომელი იმყოფება.

„აქ რომ არანაირი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გარემო არ არის, ეს დაადასტურა ქალბატონმა თამარ ბარკალაიამ. ჩვენ შევხვდით სოცმუშაკებსაც, ფსიქოლოგებს, ბავშვებს და დავრწმუნდით, რომ აქ არანაირი საშიშროება და საფრთხე არ არის“, – განაცხადა ქარჩავამ.

ედიშერ ქარჩავას თქმით, ყველასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.

„კარები გაიღო ყველასთვის და ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომ ისინი დარწმუნებულიყვნენ, აქ რაიმე სახის კანონდარღვევას და ზეწოლას ადგილი არ აქვს. არ არის არანაირი ფაქტები, რომ დღეის მდგომარეობით კანონდარღვევა ხდება, რადგან მსგავსი ფაქტი არ დაუდასტურებია და ადრე წარსულში რა იყო, ამას გამოძიება დაადგენს. არ ვენდობი ვიღაც კონკრეტული პირის რაღაც კონკრეტულ გამონათქვამს, თუ ეს ძირფესვიანად არ გამოიკვლიეს შესაბამისმა ორგანოებმა“, – აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ.

ამასთან, ედიშერ ქარჩავას განმარტებით, სახალხო დამცველი თუ დაინტერესებულია ბავშვთა საუკეთესო უფლებით, საპატრიარქოს კარი თანამშრომლობისთვის ყველასთვის ღიაა.

„სახალხო დამცველი თუ დაინტერესებულია ბავშვთა ყველაზე საუკეთესო უფლებით, დღეს აღმოჩნდა, რომ საპატრიარქო თანამშრომლობს ყველა უფლებადამცველ, მსოფლიოში აღიარებულ ძირითად უფლებადამცველ ორგანიზაციებთან, ამიტომ თუ ის დაინტერესებულია, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა. ნინო ლომჯარია თუ გამოთქვამს სურვილს და მოგვმართავს, ამას განვიხილავთ“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.