ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე: ვერ უშველა ვერც შინაურმა და ვერც გარეულმა, ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცოტახნის წინ ნიკა მელია იყო ჩასული თავისი პარტიის რეალურ ლიდერთან და სკოლის დასჯილი მოსწავლესავით უსმენდა იმას, თუ რა უნდა გაეკეთებინათ მომავალში.

„პირველ რიგში მადლობას გადავუხდი ჩვენს კოლეგებს მოთმინებისთვის, ისინი 15 წუთის განმავლობაში ადამიანისგან, კრიმინალისგან ისმენდნენ მუქარებს, თითის ქნევას. ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივი ვეცით პარლამენტს, პარლამენტარიზმს და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი მოსათმენია, როდესაც ასეთ რამეს ვისმენთ ჩვენ კრიმინალისგან, ადამიანისგან, რომელიც არის კონკრეტულ დანაშაულში მხილებული და რომელიც არის ბრალდებული, არც მეტი არც ნაკლები, პარლამენტში შეჭრის მცდელობისათვის. ეს არის მძიმე, თუმცა ეს არის პოლიტიკური ცხოვრება. ეს არის ასევე ადამიანი, რომელსაც არ აქვს კაცობის არავითარი ნიშანწყალი და სწორედ ამას უკავშირდება მათ შორის ის დანაშაულებიც, რომელიც მან ჩაიდინა, და ის პოლიტიკური რიტორიკა, რომელსაც დღეს ჩვენ მისგან ვისმენთ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ცოტახნის წინ მელია იყო ჩასული თავისი პარტიის რეალურ ლიდერთან და სკოლის დასჯილი მოსწავლესავით უსმენდა იმას, თუ რა უნდა გაეკეთებინათ მომავალში.

„რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ასეთი პოლიტიკოსების და პარტიების მომავალი ქართულ დემოკრატიულ სისტემაში არ არის და ვერ იქნება. რა თქმა უნდა, საზოგადოება ამას გასცემს სათანადო პასუხს. არ გადავიხდი – ვერ დამიჭერთ, გახსოვთ ნიკა მელიას ეს ცნობილი ფრაზა. ყველას ისიც ძალიან კარგად გვახსოვს, რომ არ გადაიხადა და დაიჭირეს. ვერ უშველა ვერც შინაურმა და ვერც გარეულმა, ხატოვნად რომ ვთქვათ, ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ, ვერც ერთმა და ვერც მეორემ“, – განაცხადა კობახიძემ.