არჩილ თალაკვაძე – ამნისტიის კანონპროექტმა უნდა შეძლოს უთანხმოების ფურცლის გადაშლა, ამიტომ მოვუწოდებ ოპოზიციას, მხარი დაუჭირონ მას და გადავიდეთ უფრო სერიოზულ საკითხებზე

ამნისტიის კანონპროექტმა უნდა შეძლოს უთანხმოების ფურცლის გადაშლა, ამიტომ მოვუწოდებ ოპოზიციას, მხარი დაუჭირონ მას და გადავიდეთ უფრო სერიოზულ საკითხებზე, რომელიც ქვეყნის მომავალს უკავშირდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის დრო, რასაც ოპოზიცია ამ კანონპროექტზე კარგავს, ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვან საკითხებს აკლდება.

„დრო, რასაც „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კარგავს ოპოზიცია პარლამენტში, აკლება უფრო მნიშვნელოვან, უფრო სერიოზულ საკითხებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს უკავშირდება. სწორედ ამიტომ ჩვენ დღესაც გვაქვს იგივე პოზიცია, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მივიღოთ ზუსტად ისე, როგორც ეს მიშელის პროექტში წერია. მიშელის პროექტში წერია, რომ ამნისტია უნდა იყოს მიღებული არც ერთი მხარის სასარგებლოდ, ის უნდა შეეხოს ყველა მხარეს და მან უნდა შეძლოს უთანხმოების ფურცლის გადაშლა, ანუ ამ საკითხის დახურვა, რომ მომავალში 20-21 ივნისთან დაკავშირებული მოვლენები აღარ იყოს დაპირისპირების საგანი პოლიტიკურ პარტიებს შორის. ეს არის შეთანხმების არსი.

ეს კანონპროექტი არ ყოფილა „ქართული ოცნების“ მოთხოვნა, არც დღეს არ გახლავთ რაღაც მნიშვნელოვანი საჭიროება, რომ ვინმემ თქვას, ეს „ქართულ ოცნებას“ სჭირდება და ამიტომ ვიღებთ. ამიტომ მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, მხარი დაუჭირონ ამნისტიას და ერთხელ და სამუდამოდ დავხუროთ ეს უთანხმოება. რა თქმა უნდა, ნებისმიერს შეუძლია, პოლიტიკური შეფასებები გააკეთოს წარსულზეც და მომავალშიც, მაგრამ სამართლებრივად უთანხმოების ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს, ეს არის მიშელის შეთანხმების პირველი და ერთადერთი პუნქტი. ამიტომ მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან, რომ დროა, მივიღოთ ეს პროექტი და გადავიდეთ უფრო სერიოზულ საკითხებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს უკავშირდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.