სენატორი რობ პორტმანი: უკრაინა, ლიეტუვა და საქართველო აშშ-ის საიმედო მოკავშირეები არიან, თუმცა მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ

უკრაინა, ლიეტუვა და საქართველო აშშ-ის საიმედო მოკავშირეები არიან, თუმცა მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ, – განაცხადა სენატორმა რობ პორტმანმა გაზეთ The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

„გასულ კვირას აღმოსავლეთ ევროპაში გავემგზავრე სენატორების მცირე, ორპარტიულ ჯგუფთან ერთად, რომ შევხვედროდი უკრაინის, ლიეტუვისა და საქართველოს ლიდერებს. ეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები აშშ-ის საიმედო მოკავშირეები გახდნენ. მათი მოქალაქეები ცდილობენ მოიპოვონ დემოკრატიული მომავალი მეტი თავისუფლებით და კეთილდღეობით, მაგრამ მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ. ამ მოგზაურობის დროს ყველაზე შემაშფოთებელი ის იყო, რომ რუსეთი ამ ახალგაზრდა დემოკრატიების დესტაბილიზაციის მცდელობებს კვლავ განაგრძობს. თითოეული მათგანი რუსეთის მხრიდან მზარდი ზეწოლის წინაშე დგას, მათ შორის სამხედრო საფრთხეები მათ საზღვრებზე, კიბერშეტევები და პოლიტიკური დეზინფორმაციული კამპანიები. უკრაინასა და საქართველოში რუსეთი განაგრძობს უკანონოდ ანექსირებული ტერიტორიების ოკუპაციასა და მილიტარიზაციას“, – ნათქვამია სენატორის სტატიაში.

სენატორი რობ პორტმანი აღნიშნავს, რომ აშშ საფრთხის ქვეშ მყოფი დემოკრატიების გვერდით უნდა იდგეს და რუსეთის ტირანიას შეეწინააღმდეგოს.

„როდესაც პრეზიდენტი ბაიდენი ჟენევაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, მან მკაცრად უნდა დაუჭიროს მხარი თავისუფლებას, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს. თავისუფალი სამყარო დააკვირდება მას“, – წერს სენატორი.