ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას – კარგია, გააგრძელეთ ირაკლი კობახიძის წიგნების კითხვა, ბევრ რამეს ისწავლით – როდესაც კობახიძემ გითხრათ, რომ პარლამენტში ყველა შევიდოდა, შეგისრულათ და შემოხვედით

კარგია, გააგრძელეთ ირაკლი კობახიძის წიგნების კითხვა, ბევრ რამეს ისწავლით – როდესაც ირაკლი კობახიძემ გითხრათ, რომ პარლამენტში ყველა შევიდოდა, შეგისრულათ და შემოხვედით, – ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს.

ოხანაშვილის თქმით, პოლიტიკური ბოიკოტის გამო პლენარული სხდომების გაცდენა საპატიოა და ამ უფლებას არავინ არავის შეუზღუდავს. თუმცა, როგორ მან აღნიშნა,  ის რაც ოპოზიციამ არჩევნების შედეგ გააკეთა, იყო არა საპარლამენტო ბოიკოტი, არამედ საბოტაჟი კონსტიტუციური ორგანოს წინააღმდეგ.

„ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტიას ბოიკოტის გამო დაფინანსება არ უნდა შეუწყდეს. ზუსტად ამას ვაკეთებთ – დაფინანსება ბოიკოტის გამო არავის შეუწდება! ირაკლი კობახიძეს ახალი გამოცემებიც აქვს და იქაც იგივეს იმეორებს. ამიტომ ბატონი ირაკლის წიგნების კითხვა გააგრძელეთ – უფრო აიმაღლებთ კვალიფიკაციას კონსტიტუციურ სამართალსა და ადამიანის უფლებებში, რაც ყველას ნამდვილად გჭირდებათ. დიამეტრალური განსხვავებაა, როცა პარლამენტის წევრი ბოიკოტს საპარლამენტო პროცედურებს უცხადებს და როცა პარტია კონსტიტუციურ ორგანოს უცხადებს საბოტაჟს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტი მეორე მოსმენით “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს იხილავს.

ამასთან, პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს.

საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება.