ანრი ოხანაშვილის თქმით, პარტიებმა, რომლებმაც 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული სახელმწიფო დაფინანსება დაკარგეს, დაფინანსების უფლება აღუდგებათ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით,  პარტიებმა, რომლებაც 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფო დაფინანსება დაკარგეს, დაფინანსების უფლება აღუდგებათ.

შესაბამისი მუხლი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონს ემატება.

„პარტიებს, რომლებმაც წნეხის, ბულიგნის თუ სხვა გარემოების გამო კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების რეპრესიებს თავი ვერ დააღწიეს და ცესკოს დაფინასებაზე არ მიმართეს, საშუალებას ვაძლევთ, დაფინანსება აღუდგეთ და ამ პერიოდში მისაღები თანხა მიეცეთ. ამ შემთხვევაში კანონს პოზიტიური უკუძალა გააჩნია“, – განმარტა  ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან როგორც მან გამოსვლისას აღნიშნა, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონპროექტის თანახმად საპარლამენტო ბოიკოტი ყველა პარტიას სრულად ექნება გარანტირებული იმ შემთხვევაში, თუკი ისარგებლებს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად იმ ელემენტარული და მინიმალური დემოკრატიული სტანდარტით.“

მისივე თქმით, ბოიკოტი არის საპარლამენტო პროცედურა და ლეგიტიმური საშუალება კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ, მისი პოლიტიკური შეხედულების გამო ბოიკოტირება გამოუცხადოს არა საქართველოს პარლამენტს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს და ინსტიტუციას, არამედ საპარლამენტო პროცედურებს.

მისივე განმარტებით, ეს მოცემულობა მიიჩნევა პლენარული სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად და სრულად აძლევს ოპოზიციას საქართველოს პარლამენტში კონკრეტული საპარლამენტო პროცედურების განხორციელების შესაძლებლობას.

„პარლამენტის რეგლამენტის 91 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, იმისთვის, რომ საპარლამენტო ბოიკოტი გაფორმდეს საპარლამენტო ბოიკოტად, საჭიროა გაიგზავნოს წერილი ბიუროსთვის, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტია პოლიტიკური შეხედულების გამო უარს აცხადებს საპარლამენტო პროცედურებში ჩართულობაზე. თუ პოლიტიკური შეხედულების გამო პროცედურებს უცხადებ ბოიკოტს და არ გსურს მონაწილეობა პროცესში, შეგიძლიათ გააფორმოთ შესაბამისი წერილით. ეს არის ლეგიტიმური. ამას არავინ არავის არ უზღუდავს“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა საკანონმდებლო პაკეტის წარდგენისას.

პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს. რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში, “საარჩევნო კოდექსში” და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს.