შალვა ნათელაშვილი – ოპოზიციამ ხელისუფლების შეცვლის ისეთი შანსი დაკარგა, რომ მკრეხელობად მიმაჩნია, ახლა თვითმმართველობის არჩევნებზე ვიფიქრო

ოპოზიციამ ხელისუფლების შეცვლის ისეთი შანსი დაკარგა, რომ მკრეხელობად მიმაჩნია, ახლა თვითმმართველობის არჩევნებზე ვიფიქრო, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ნათელაშვილის თქმით, ამ მიმართულებით პარტიაში არავითარი მუშაობა არ მიმდინარეობს.

შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას პარლამენტში შესვლის გამო აკრიტიკებს.

„თქვენთან დასამალი არაფერი მაქვს, განსაკუთრებით ამ თემაზე, ოპოზიციამ ხელისუფლების შეცვლის ისეთი შანსი დაკარგა, რომ მკრეხელობად მიმაჩნია, ახლა თვითმმართველობის არჩევნებზე ვიფიქრო. არ გვიფიქრია და საერთოდ, არავითარი მუშაობა ამ მიმართულებით არ დაგვიწყია, ისეთ შოკში ვართ იმის გამო, რაც გააკეთეს. ამ პარლამენტში შესვლა ნიშნავდა იმას, რომ გადარჩა ხელისუფლება, დაღუპული, დაქცეულები იყვნენ“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.