ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს, დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, მიეცემა 483 მილიონი ევრო – ირაკლი ღარიბაშვილი

დღევანდელი მემორანდუმით, ამ ორი წლის განმავლობაში, 483 მილიონი ევროს დაფინანსება დაიწყება და ჩვენ თანამშრომლობის ფარგლებში დავიწყებთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების და პროგრამების განხორციელებას – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის 2021-2023 წლებისთვის თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები ხორციელდება.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან, ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს, დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, მეცემა 483 მილიონი ევრო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. აქედან 33 მილიონი ევრო არის გრანტი, რომელიც გადაეცემა საქართველოს მთავრობას. ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან. მას შემდეგ, რაც სააგენტომ 2017 წელს გახსნა რეგიონული ოფისი, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა. სააგენტოს პორტფელი ამჟამად დაახლოებით 480 მილიონ ევროს შეადგენს. საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები ხორციელდება. მინდა ასევე მადლიერებით აღვნიშნო საფრანგეთის მთავრობის დახმარება, განსაკუთრებით, კოვიდპანდემიის პერიოდში და ახლა უკვე პოსტპანდემიის პერიოდში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გასულ წელს მივიღეთ 190 მილიონი ევროს დახმარება, რაც მთავრობას დაეხმარა პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში, როგორც სოციალური, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების შემუშავებაში. ასევე, მაკროეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებაში.

დღევანდელი მემორანდუმით, ამ ორი წლის განმავლობაში, 483 მილიონი ევროს დაფინანსება დაიწყება და ჩვენ თანამშრომლობის ფარგლებში დავიწყებთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების და პროგრამების განხორციელებას. ეს მიმართულებებია ენერგეტიკა, კერძო სექტორის განვითარება, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ირიგაცია, წყალმომარაგება, რეგიონული განვითარება და სხვა. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლიერებით აღვნიშნო საფრანგეთის მთავრობის დახმარება. მადლობა საფრანგეთის რესპუბლიკას და ფრანგ ხალხს, საფრანგეთის ელჩს, რომლის უშუალო ჩართულობით ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი ხორციელდება. მე მჯერა, რომ დღევანდელი დღე კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს შორის არსებულ ბრწყინვალე ურთიერთობას და თანამშრომლობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.