დავით ზალკალიანი – ჩვენი აქტიური დიპლომატიური საქმიანობის შედეგად, ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

ჩვენი აქტიური დიპლომატიური საქმიანობის შედეგად, ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე კომენტირებისას განაცხადა, სადაც ასახულია განსახილველი საკითხები და მათ შორის საქართველოს თემა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საკითხით უკრაინასთან ერთად ასახულია სამიტის დღის წესრიგის მეხუთე თავში სახელწოდებით – Support rules-based international order.

მისი თქმით, საქართველოს თემატიკა ნატოს პრიორიტეტულ დღის წესრიგში ყველა მიმართულებით განიხილება, სწორედ იმ ღირებულებებთან და ფასეულობებთან შესაბამისობაში, რომელსაც ეფუძნება დღევანდელი საერთაშორისო დღის წესრიგი.

„ყურადღება გამახვილდება იმ პრობლემებზე, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ოკუპაციასთან. დარწმუნებული ვარ, რომ დეკლარაციაში ასახული იქნება შესაბამისი შეფასება, ასევე იქნება მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ მან მტკიცედ დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და ის აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, რაც არის დაკავშირებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან,“- განაცხადა ზალკალიანმა.