„საქპატენტის“ თავმჯდომარის, მინდია დავითაძის განცხადებით, ის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა

„საქპატენტის“ თავმჯდომარის, მინდია დავითაძის განცხადებით, ის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა. მინდია დავითაძე სოციალურ ქსელში იმ გარემოებსაც ხსნის, რაც გათავისუფლებას წინ უსწრებდა.

„მინდა გაცნობოთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობიდან ჩემი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რაშიც აქტიურად იყო ჩართული მთავრობის ადმინისტრაცია. 2020 წლის თებერვალში 4 წლის ვადით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ დავინიშნე „საქპატენტის“ თავმჯდომარედ. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად მოსვლისა და მთავრობის ადმინისტრაციის ახლი უფროსის დანიშვნის შემდეგ, რამდენჯერმე მქონდა კომუნიკაციის მცდელობა პრემიერთან და მისი ადმინისტრაციის უფროსთან.

როგორც მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებულ უწყებას, პირადად მინდოდა მომეხსენებინა იმ გამოწვევების შესახებ, რაც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს გააჩნია და ამასთან, განმეხილა მიმდინარე სამსახურებრივი საკითხები და სამომავლო, საკმაოდ ამბიციური გეგმები. ჩემს წინადადებაზე, 3 თვის განმავლობაში ვიღებდი უარს მოუცლელობის მიზეზით მაშინ, როდესაც მთავრობის ადმინისტრაციაში ინტენსიურად იმართებოდა შეხვედრები სხვა სსიპ-ების უფროსებთან.

გუშინ, მივლინებით ვიმყოფებოდი გურიის რეგიონში, სადაც შეხვედრა მქონდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან რეგიონში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის ფორმირების მიმართულებით არსებული პოტენციალის ეფექტიან გამოყენებასთან დაკავშირებით. შეხვედრის მიმდინარეობისას, მთავრობის ადმინისტრაციამ ფაქტობრივად გზაში დამაწია გათავისუფლების ბრძანება, რომელიც პრემიერ-მინისტრს გუშინწინ – 9 ივნისს მიუღია და რის შესახებაც გუშინ მეილით გვაცნობეს, სწორედ იმ დროს, როდესაც მივლინებაში ვიმყოფებოდი.

მოკლედ მინდა გაგაცნოთ ის პროცესები, რომელიც თანამდებობიდან გათავისუფლებამდე მიმდინარეობდა: შეხვედრაზე უარის პარალელურად, მოულოდნელად, ჩემი ინფორმაციით პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ადმინისტრაციის პირდაპირი დავალებით, ჩემი გათავისუფლების საფუძვლის ხელოვნურად შესაქმნელად, თითქოსდა ერთ-ერთი თანამშრომლის შრომის უფლების დარღვევის მოტივით „საქპატენტში“ ინსპექტირება განახორციელა შრომის ინსპექციის სამსახურმა, რომელმაც 2021 წლის 13 მაისს, რეკორდულად მცირე ვადაში მოითხოვა „საქპატენტში“ დასაქმებულ პირებთან დაკავშირებული დიდი მოცულობის ინფორმაცია. ინფორმაციის გადაგზავნიდან, ასევე, რეკორდულ დროში – 3 სამუშაო დღეში, შრომის ინსპექციამ, ისე რომ არც კი დაელოდა სასამართლოში ანალოგიური საკითხის განხილვის შედეგებს, გამოსცა სამართალდარღვევის ოქმი, რითაც „საქპატენტს“ დააკისრა ადმინისტრაციული სახდელი – გაფრთხილება, თითქოსდა ერთ-ერთი თანამშრომლის შრომითი უფლების დარღვევის მიზეზით. ნიშანდობლივია, რომ სიჩქარეში შრომის ინსპექციის სამსახურმა, რომელსაც, როგორც ჩანს, ძალიან აჩქარებდნენ მთავრობიდან, გაფრთხილების გამოტანისას დაუშვა ტექნიკური შეცდომები. რა თქმა უნდა, შრომის ინსპექციის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება ჩვენს მიერ გასაჩივრდა სასამართლოში, სადაც ველოდებით საკითხის სამართლიან განხილვას და შრომის ინსპექციის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გაუქმებას. ვინაიდან ჩემთვის ნათელი გახდა რა პროცესებს ჰქონდა ადგილი, დაუყოვნებლივ მოვითხოვე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრა, რომელმაც ნიშანდობლივია, რომ სწორედ შრომის ინსპექციის დასკვნის გამოცემის შემდეგ მოიცალა შესახვედრად. ილია დარჩიაშილმა მომთხოვა განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა, იმ მოტივით, რომ დანიშნული ვარ წინა პრემიერის – გიორგი გახარიას მიერ. სხვა მიზეზი, მათ შორის სამართლებრივი არგუმენტები, ვერ მოვისმინე. მოთხოვნის მიუხედავად, რა თქმა უნდა განცხადება არ დავწერე, ვინაიდან „საქპატენტი“ გახლავთ დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება. თუმცა, როგორც ვხედავთ, ჩემს უარს ხელი არ შეუშლია პრემიერ-მინისტრისთვის უკანონოდ გავენთავისუფლებინე, რაც სრულიად შემთხვევით გავიგე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისს. 2011 წლიდან ვმუშაობ საჯარო სამსახურში, სადაც კეთილსინდისიერად ვასრულებდი ჩემს მოვალეობებს. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში არ მიმიღია არც ერთი საყვედური.

ვამაყობ, რომ სწორედ „საქპატენტში“ ჩემი მოღვაწეობის პერიოდში გაიზარდა ამ სამსახურის ცნობადობა, გაძლიერდა თანამშრომლობა საერთაშორისო კუთხით, საიდანაც საქპატენტის მიმართ გამოთქმულია არაერთი პოზიტიური შეფასება, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების მიერ, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა სასწავლო ცენტი. განსაკუთრებით საამაყოა, რომ უწყება ISO სერტიფიცირების პროცესშია. უწყებაში განხორციელდა არაერთი წარმატებული პროექტი და თამამად მინდა განვაცხადო, რომ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი დღეს ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო უწყებაა. ამ თვეში, განიხილებოდა უწყების არსებობის ისტორიაში პირველი, უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის – ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიის დამტკიცების საკითხი. დასრულდა ერთი წლის ანგარიშზე მუშაობა და დანიშნული იყო პრეზენტაციის თარიღი. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების გამო, გეგმების ბოლომდე მიყვანა ვერ შევძელით. სამწუხაროა, რომ კეთილსინდისიერი მოხელის მიმართ ხელისუფლებამ გამოიყენა უკანონო მეთოდები და რაც მთავარია ამ პროცესში ინსტრუმენტად გამოიყენა შრომის ინსპექციის სამსახური, სადაც ასევე, უამრავი კეთილსინდისიერი მოხელე მუშაობს და რომლის ავტორიტეტის გაფრთხილებაც დღეს, განსაკუთრებით მიმდინარე პანდემიის პროცესში, მნიშვნელოვანია. წარმატებებს ვუსურვებ „საქპატენტის“ პროფესიონალთა გუნდს. რა თქმა უნდა აუცილებლად გავაგრძელებ სამართლებრივი მეთოდებით ბრძოლას და სახელმწიფოს სამსახურში ყოფნას, სადაც არ უნდა ვიყო. პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელეების დევნა უნდა დასრულდეს!“- წერს მინდია დავითაძე.