ლადო კახაძე – რატომ ემსგავსებით ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ენის ჭკუაზე გინდათ სიარული, ტვინი არსებობს ამისთვის და ბოლოს და ბოლოს, 32 კბილი

რატომ ემსგავსებით ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ენის ჭკუაზე გინდათ სიარული, ტვინი არსებობს ამისთვის და ბოლოს და ბოლოს, 32 კბილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან დეპუტატებს მიმართა, „ენას კბილი უნდა დააჭირონ“ იმ შემთხვევაში, როცა შესაძლოა, ქვეყნის საზიანოდ რამე წამოსცდეთ.

„პოლიტიკური ტრიბუნა ნიშნავს თანაზიარობას, გამოსწორებას, შექმნას. ერთი და იგივე სიბინძურეს ასე ადვილად რომ გადმოანთხევთ პირის ღრუდან. უნდა შეგეკითხოთ ახლა დარბაზში მონაწილეების დიდ ნაწილს და გითხრათ, ენა მეტყველების ორგანოა? დამიდასტურებთ, ჰო მეტყველების ორგანოაო. არცერთი სწორი არ იქნებით, ვინც ამაზე თანახმა ხართ. ენა მეტყველების ორგანო კი არა, მეტყველებაში მონაწილე ორგანოა. ტვინის ნებას უნდა ასრულებდეს და ენის ჭკუაზე რომ ტვინმა იაროს, შეიძლება ეს?! რატომ ემსგავსებით ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ენის ჭკუაზე გინდათ სიარული, ტვინი არსებობს ამისთვის და ბოლოს და ბოლოს, 32 კბილი. ზოგჯერ ენას კბილი უნდა დააჭირო, როცა შენი ქვეყნის საზიანოდ შეიძლება რამე წამოგცდეს“, – განაცხადა კახაძემ.