სტრასბურგის სასამართლომ „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ საქმის განხილვა განაახლა, სიმართლე საქართველოს მხარესაა და ბრძოლა გრძელდება – რატი ბრეგაძე

სტრასბურგის სასამართლომ „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ – ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმის განხილვა განაახლა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა.

რატი ბრეგაძის შეფასებით, აღნიშნული საქმე ეხება იმ მრავალი ადამიანის უფლებების დარღვევას, რასაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი მტკიცებულებები და დარწმუნებული ვართ, რომ ამ საქმეზეც, ისევე როგორც წინა საქმეებში, გამარჯვებას მოვიპოვებთ. სიმართლე ამ საქმეში საქართველოს მხარესაა და ბრძოლა გრძელდება”, – აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ითხოვს, დადგინდეს რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისთვის, მათ შორისა: წამების აკრძალვა, სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის, საკუთრებისა და განათლების უფლებები.

იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 2018 წლის 21 აგვისტოს შეიტანა. საჩივარი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას ეხება.