ხატია დეკანოიძე – ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დავაყენე საკითხი თვითმმართველობის არჩევნებზე ძალიან ბევრი დამკვირვებლის ჩამოყვანის შესახებ

ლიეტუვის პრეზიდენთან შეხვედრაზე დავაყენე საკითხი თვითმმართველობის არჩევნებზე ძალიან ბევრი დამკვირვებლის ჩამოყვანის შესახებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბევრი დამკვირვებლის ჩამოსაყვანად ყველაფერს გააკეთებენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ჩვენი ბლოკის „ძალა ერთობაშია“ მთავარი საკითხები იყო ის ძალიან მნიშვნელოვანი დამოკიდებულება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პარტნიორთან, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში დაუღალავად იბრძვის, რომ საქართველო გახდეს ევროატლანტიკური სივრცის ნამდვილად ღირსეული წევრი.

პარტიის წარმომადგენლებს დელეგაციის წევრებთან მანამდეც გვქონდა ცალკე შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატიის რეალური ინდექსი თუ არ იქნება მაღალი და თუ არ იქნება თავისუფალი მართლმსაჯულება, საქართველოს არ ექნება დემოკრატიული მომავალი და ვერ დადგება დღის წესრიგში ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების საკითხი. რაც შეეხება პრეზიდენტთან შეხვედრას, მე დავაყენე საკითხი, რაც გულისხმობს თვითმმართველობის არჩევნებზე ძალიან ბევრი დამკვირვებლის ჩამოყვანას და ამაში სწორედ ჩვენი მეგობრების დახმარებას იმიტომ, რომ თვითმმართველობის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. პრეზიდენტმა და მათ შორის დელეგაციის წევრებმა თქვეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს საქართველოში, განსხვავებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან, როდესაც ძალიან მცირე იყო დამკვირვებლების ჯგუფები“, – განაცხადა დეკანოიძემ.