ფინანსთა მინისტრი – ოპტიმისტური სცენარით უკვე წელს, მთავრობის ვალი 55 პროცენტს ჩამოსცდება, ხოლო 2025 წლისათვის 50 პროცენტს დაუახლოვდება

ოპტიმისტური სცენარით უკვე წელს, მთავრობის ვალი 55 პროცენტს ჩამოსცდება, ხოლო 2025 წლისათვის 50 პროცენტს დაუახლოვდება, – აღნიშნა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, 9.3 პროცენტამდე გაიზარდა ბიუჯეტის დეფიციტი, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ის 20 პროცენტით გაიზარდა და გადააჭარბა კრიტიკულ – 60-პროცენტიან ზღვარს.

„ეკონომიკის სწრაფი აღდგენა უფრო სწრაფი კონსოლიდაციის საშუალებას გვაძლევს. სწორედ ამიტომ, ჩვენს პროგნოზებში წარმოვადგინეთ შემცირებული ფისკალური დეფიციტი 7.6-დან 7.1 პროცენტის დონემდე. იმავდროულად, ჩვენი ვალი უკვე 2021 წელს ჩამოსცდება 60-პროცენტიან ნიშნულს და 57 პროცენტი იქნება. ვალის შემცირება შემდეგ წლებშიც გაგრძელდება და საბაზო სცენარში 2025 წლისათვის ველოდებით მშპ-სთან 53.5 პროცენტამდე ჩამოსვლას. კიდევ უფრო სწრაფი კონსოლიდაციის საშუალებას იძლევა ოპტიმისტური სცენარი, რა შემთხვევაშიც უკვე წელს, მთავრობის ვალი 55 პროცენტს ჩამოსცდება, ხოლო 2025 წლისათვის 50 პროცენტს დაუახლოვდება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.