ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონზე – თითქმის ყოველდღიურად გვიკავშირდება ახალ-ახალი ბენეფიციარი, რომელიც გვიყვება ერთმანეთზე უფრო მძიმე ისტორიას – მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ზეწოლა

მიუხედავად იმისა, რას ამბობენ ცალკეული სასულიერო პირები, პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოზე და რეალურად მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ამ ვითარებაზე, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით,  დღეს მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ზეწოლა როგორც ყოფილი ბენეფიციარების, არასრულწლოვნების, ასევე სრულწლოვანი პირების მიმართ

„დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პარალელურად იმისა, რაც ნინოწმინდის პანსიონში გამოიკვეთა არის ის, რომ მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ზეწოლა როგორც ყოფილი ბენეფიციარების, არასრულწლოვნების, ასევე სრულწლოვანი პირების მიმართ, რომლებმაც საკუთარი მძიმე გამოცდილებების შესახებ ისაუბრეს სამართალდამცავ ორგანოებთან, ან აპირებენ, რომ მისცენ ჩვენებები. ეს ზეწოლა მომდინარეობს სწორედ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული პირებისგან და მათ შორის სასულიერო პირებისგან.

ამ ვითარებაში ამ ადამიანებს დახმარებას უწევენ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები. ზოგადად მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის აპარატთან ერთად არასამთავრობო სექტორმა ამ საკითხთან და სხვა მრავალ მნიშვნელოვან ადამიანის უფლებების საკითხთან დაკავშირებით ძალიან პოზიციური როლი შეასრულა და ხშირ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეებისთვის ისინი წარმოაგდენენ უკანასკნელ იმედს. ამიტომ ვფიქრობ, რომ არასამთავრობო სექტორი ძალიან წარმატებით ახერხებს, რომ იყოს მოწოდების სიმაღლეზე. პრობლემები არის ძალიან სერიოზული იმიტომ, რომ თითქმის ყოველდღიურად სახალხო დამცველის აპარატს უკავშირდება ახალ-ახალი ბენეფიციარი, რომელიც გვიყვება ერთმანეთზე უფრო მძიმე ისტორიას და ეს ისტორიები ყოველდღიურად მძიმდება, ამიტომ დღეს მთავარი არის ის, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ეფექტურად და დროულად გამოავლინონ და გამოიძიონ საქმეები. ჩვენ ყველამ ერთად მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ ამ ბავშვებს, რომლებიც უდიდესი ზეწოლის ქვეშ არიან.

ჩვენ ვაკვირდებით პროცესს გარედან, ვიღებთ ინფორმაციებს ზრუნვის სააგენტოდან, თუმცა თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ იქ პროცესი ბრკოლდება და ჩვენ ვერ დავინახავთ რეალურად წინ გადადგმულ ნაბიჯს, რა თქმა უნდა, ჩვენც ვეცდებით ჩავერიოთ.

მიუხედავად იმისა რას ამობობენ ცალკეული სასულიერო პირები, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოზე და რეალურად მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ამ ვითარებაზე “, – განაცხადა ლომჯარიამ.