მზად ვართ, „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები განვიხილოთ დეტალურად და ისე აშენდეს ეს პროექტი, რომ მისაღები იყოს საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნისთვის – ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

როგორც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა, მთავრობა დაინტერესებულია და ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხი გადავიდეს „ღიაობის“ პროცესში და მოხდეს განხილვა მოლაპარაკებების მაგიდასთან.

მისივე თქმით, „ნამახვანჰესი“ აუცილებლად უნდა აშენდეს, რადგან ეს არის ის ენერგეტიკული ობიექტი, რომელიც იქნება ერთ-ერთი დასაყრდენი საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის.

,,ჩვენ ვთვლით, რომ ევროკავშირის ჩართულობის შედეგად შესაძლებელი იქნება იმ მთავარი საკითხების გამოვლენა და იდენტიფიკაცია, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულ ჯგუფებს. მზად ვართ, რომ ეს საკითხები განვიხილოთ დეტალურად, მივიღოთ გადაწყვეტილებები, გამოვნახოთ გამოსავალი და ისე აშენდეს ეს პროექტი, რომ მისაღები იყოს საქართველოს მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის.

ამასთან უნდა აშენდეს ისე, რომ გამოირიცხოს ყველანაირი კითხვა ამ პროექტის უსაფრთხოებასთან და გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ასეა, მაგრამ გვინდა, რომ ამის დემონსტრაცია მოვახდინოთ ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

კომპანია „ენკასთან” მიმდინარეობს მოლაპარაკებები ხელშეკრულებაში მიწის გასხვისების ვადის შემცირებასთან დაკავშირებით“. – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.