საბა ბუაძე – შემოთავაზებული ახალი ტექნოლოგიები იმედის მომცემია, რადგან არჩევნების დღესთან დაკავშირებულ გაყალბების ძირითად სქემებს გამორიცხავს

დღეს შემოთავაზებული ახალი ტექნოლოგიები არის იმედის მომცემი იმიტომ, რომ გამორიცხავს არჩევნების დღესთან დაკავშირებულ გაყალბების ძირითად სქემებს, რომელიც ასევე ვნახეთ 2020 წლის არჩევნებში, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მისვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნების პროცესი ტარდება.

მისი შეფასებით, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი წარიმართოს დროულად და სიახლეები დანერგილი იყოს იმგვარად, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით იყოს გამოყენებული.

,,2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში ჩვენ ვნახეთ რამდენად კრიტიკული იყო არჩევნების დღეს მთელი რიგი პროცედურების და ტექნოლოგიების არსებობა იმისათვის, რომ არ მომხდარიყო არჩევნების გაყალბება. სწორედ ასეთი ტექნოლოგიების არარსებობამ განაპირობა გაყალბების მესამე ტალღა, რომელიც არჩევნების დღესთან იყო დაკავშირებილი. ინოვაციების გამოყენება საარჩევნო პროცესში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ გამოირიცხოს გაყალბების ყველა ის მექანიზმი, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში იხვეწებოდა სხვადასხვა სახელისუფლებო პარტიის მიერ. დღეს შემოთავაზებული ახალი ტექნოლოგიები არის იმედის მომცემი იმიტომ, რომ გამორიცხავს არჩევნების დღესთან დაკავშირებულ გაყალბების ძირითად სქემებს, რომელიც ასევე ვნახეთ 2020 წლის არჩევნებში. ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი წარიმართოს დროულად და სიახლეები დანერგილი იყოს იმგვარად, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით იყოს გამოყენებული. ბუნებრივია, ეს არ გამორიცხავს გაყალბების სხვა ფორმებს რომელსაც ხელისუფლება იყენებს ყოველ არჩევნებზე, მაგალითად, მოსყიდვა, დაშინება და ყველა მანკიერება რომელიც ვნახეთ“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმიტირებული არჩევნები ტარდება.