მოვემზადოთ, ვირუსი არსად წავა, სექტემბრის ბოლოს მეოთხე ტალღა გვექნება – ვაქცინირებულებისთვის “პრივილეგიებზე” საუბარიც კი დანაშაულია საქართველოში – გიორგი ფხაკაძე

სექტემბრის ბოლოს ჩვენ გვექნება მეოთხე ტალღა. აქ არაფერი საპანიკო, სანერვიულო არ არის, ეს არის რეალობა, რომელსაც ვერ ავცდებით,- ასე გამოეხმაურა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას.

მისივე თქმით, მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ვაქცინირებული ქვეყანა, ჩილე იკეტება ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო.

,,მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ვაქცინირებულ ქვეყანაში, ჩილეში ბოლო 2 კვირაა ინფიცირებულების რაოდენობა გაიზარდა, ქვეყანაში 17%-ით და დედაქალაქში 25%-ით. ნაადრევი ქვეყნის გახსნა დამღუპველია.
ჩინური ვაქცინები ნაკლებეფექტურია პირველი დოზის შემდეგ და მეორე დოზის შემდეგ ეფექტურობა გაცილებით დაბალია, ვიდრე ,,ფაიზერით” ვაქცინირების შემთხვევაში. სამედიცინო პირბადე და დისტანცია არის უნივერსალური/სავალდებული ყველასთვის ვაქცინირებულებისთვის და არა ვაქცინირებულებისთვის. მე მოვითხოვ ხარისხიან სამედიცინო პირბადეებს საქართველოსთვის, მე მოვითხოვ ხარისხიან ვაქცინებს საქართველოსთვის. ვაქცინირებულებისთვის „პრივილეგიებზე” საუბარიც კი დანაშაულია საქართველოში.

იმედია, რომ ზაფხულისათვის, მაისის ბოლოსთვის ვირუსი ჩაცხრება, დაიწევს მაჩვენებლები, რაც ძალიან კარგი იქნება. დავისვენოთ, მოვიმარაგოთ ენერგიები ზაფხულში… ვირუსი არსად წავა, მოვემზადოთ სექტემბრისთვის. სექტემბრის ბოლოს ჩვენ გვექნება მეოთხე ტალღა. აქ არაფერი საპანიკო, სანერვიულო არ არის, ეს არის რეალობა, რომელსაც ვერ ავცდებით. რომც ჩამოიტანონ ერთი მილიონი ვაქცინა, მეოთხე ტალღას მაინც ვერ ავცდებით, ამას რომ ავცდეთ, უნდა იყოს მოზრდილი მოსახლეობის 70% ვაქცინირებული. მოემზადეთ, იყავით პოზიტიურები, დატკბით ზაფხულის დღეებით და მაქსიმალურად იყავით გარეთ სუფთა ჰაერზე”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.