მივმართავ სუს-ს – ჩადენილია ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლობა – რატომ არ ატეხეს აჟიოტაჟი, რომ საქართველო ყოფილიყო IMC სიაში?! – გიორგი ფხაკაძე

,,აშშ-ს მთავრობამ „ფაიზერთან“ ერთად გააკეთა ერთობლივი განცხადება, რომ ამერიკა ვაქცინებით დაეხმარება „კოვაქსის“ პლატფორმაზე არსებულ IMC ქვეყნებს, რატომ არ ატეხეს აჟიოტაჟი, რომ საქართველო ყოფილიყო IMC სიაში?! “ – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, IMC ქვეყნებში იგულისხმება ღარიბი სახელმწიფოები, რომლებმაც განაცხადეს, რომ დამოუკიდებლად ვაქცინების შეძენა არ შეუძლიათ და თვითდაფინანსებაზე მყოფი ქვეყნები.

,,აშშ-ს მთავრობამ „ფაიზერთან“ ერთად გააკეთა ერთობლივი განცხადება, რომ ამერიკა ვაქცინებით დაეხმარება „კოვაქსის“ პლატფორმაზე არსებულ IMC ქვეყნებს., 92 სახელმწიფოს. მათთვის და ასევე აფრიკის კავშირის სახელმწიფოებისთვის იქნება გამოყოფილი 500 მლნ დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა.

ვაქცინები გამოყოფილია IMC ქვეყნებისთვის. აგიხსნით, ეს რას ნიშნავს. როცა კოვაქსი ჩამოყალიბდა, იქ გაწევრიანდნენ ორი ტიპის ქვეყნები:

1.ღარიბი სახელმწიფოები, რომლებმაც განაცხადეს, რომ დამოუკიდებლად ვაქცინების შეძენა არ შეუძლიათ; 2.თვითდაფინანსებაზე მყოფი ქვეყნები.

მაქვს შეკითხვა – ვინ შეავსო საქართველოს მხრიდან გავიში აპლიკაციის ფორმა?! ეს არის არაპროფესიონალიზმის პიკი და ეს ხალხი დღესაც უნამუსოდ ზის კაბინეტებში, ვითომც არაფერი მოხდარა!
მივმართავ ხელისუფლებას – გადააყენეთ ის არაპროფესიონალები, რომლებიც არიან ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ „კანტორებში“. რევოლუცია გინდათ მაინცდამაინც?! ერთი, ორი, ათი, ათასი შეცდომების კასკადი, მათ მიერ დაშვებული და ვითომც არაფერი! როგორ შეიძლება, ეს ხალხი ისევ თანამდებობებზე რჩებოდეს?!
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დღეს გამოაქვეყნა რუკა – კოვიდის გავრცელების კუთხით მთელი რეგიონის მასშტაბით ყველაზე მეტად გაწითლებული ვართ. საფრთხის 4 კატეგორიაში ყველაზე მაღალი კატეგორია მოგვანიჭეს, კოვიდსაშიში ქვეყნების სიაში ვართ.

მარტივად რომ გითხრათ, აპლიკაციაში ჩაწერეს, რომ ჩვენ ისეთი მაგრები ვართ, ვაქცინას ისედაც ვიყიდით, მაგრამ ბარემ კოვაქსიდანაც რაღაცას ავიღებთო. და რა არის რეალობა?! – დღეს ვაქცინები არ გვაქვს, მივჩერებივართ კოვაქსს და თანაც ჩამოვიტანეთ რაღაც გაურკვეველი ეტიოლოგიის ჩინური ვაქცინები.
ცნობისათვის – უკრაინამ ახლა მიიღო 700 000 დოზა „ასტრაზენეკა“. უკრაინა და მოლდოვა არის კოვაქს პლატფორმის IMC ქვეყნების სიაში, საქართველო კი ამპარტავნულად – არა.

როცა ამ აპლიკაციას ავსებდნენ, სად იყო საქართველოს დიპლომატიური კორპუსი, ჯანდაცვის სამინისტროს სათანადო რგოლები, რატომ არ ატეხეს აჟიოტაჟი, რომ საქართველო ყოფილიყო IMC სიაში?!
მივმართავ სუს-ს – ჩადენილია ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლობა, გამოიძიეთ, ვინ შეავსო აპლიკაცია არასწორად. რატომ არ მოხდა შეცდომის მომენტალურად გასწორება, რომ ჩვენ IMC ქვეყნების სიაში გადავწერილიყავით?! ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედება. ეს არის ქვეყანაში მეხუთე კოლონის ქმედება. გამოიძიოს სუს-მა კოვაქსის აპლიკაციის არასწორად შევსების საკითხი,“ -განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.