ირაკლი ღარიბაშვილი – მზადყოფნას ვადასტურებთ, საქართველომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ისევ შეასრულოს მედიატორის როლი – იმედი მაქვს, პროცესი გაგრძელდება და დასრულდება საერთო მშვიდობის და სტაბილურობის მიღწევით რეგიონში

ორივე ქვეყნის ლიდერს, დავუდასტურე მზადყოფნა, რომ საქართველომ შუამავლის, მედიატორის როლი ისევ შეასრულოს – დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და დასრულდება საერთო მშვიდობის და სტაბილურობის მიღწევით რეგიონში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ აქტიური როლი შეასრულა სომხეთისა და აზერბაიჯანის შეთანხმების პროცესში.

„ეს პროცესი ჩვენ დავიწყეთ ერთი თვის წინ დაახლოებით, როდესაც მე მქონდა საუბარი ორივე ქვეყნის ლიდერებთან ალიევთან და ასევე, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან და გუშინ ეს პროცესი დავასრულეთ შედეგით, რაც მართლაც უპრეცედენტოა. საქართველომ ფასილიტაციის თუ ხელშეწყობის როლი იკისრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად. შესაძლებელი გახდა 15 სომეხი სამხედროს გათავისუფლება, რომელიც ომის დროს დააკავეს და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა სომხეთის მხრიდან იქნა აზერბაიჯნისთვის გადაცემული ძალიან მნიშვნელოვანი მასალა და დოკუმენტაცია, რომელიც შეეხება დანაღმულ ტერიტორიას, რაც იყო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აზერბაიჯანისთვის.

მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ორივე ქვეყნის ლიდერს, პრეზიდენტს ალიევს და პრემიერ-მინისტრს ფაშინიანს. ჩვენ ძალიან აქტიური როლი შევასრულეთ, მე პირადად ვიყავი ჩართული 24 -საათიან რეჟიმში, ორივე ქვეყნის ლიდერთან მქონდა სატელეფონო საუბრები და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად ვიყავით მჭიდრო კოორდინაციაში და პროცესი დასრულდა შედეგით.

ჩვენ მზადყოფნას ვადასტურებთ, რომ საქართველომ ამ პროცესში შეასრულოს ისევ შუამავლის, მედიატორის როლი, ჩვენ სრული მზადყოფნა დავუფიქსირეთ ორივე ქვეყნის ლიდერს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და დასრულდება საერთო მშვიდობის და სტაბილურობის მიღწევით რეგიონში. ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის მიღწევა, რაც იქნება საფუძველი ძალიან მნშვნელოვანი გრძელვადიანი პროექტების განსახორციელებად“, – განაცხადა პრემიერმა.