დავით ზალკალიანი – ნატო-ს უახლოესი სამიტიდან უაღრესად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო-ს სამიტის დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც არის შეტანილი.

როგორც მან აღნიშნა, სამიტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას პოზიტიური მოლოდინები აქვს.

დავით ზალკალიანი იმედოვნებს, რომ ნატო-სთან ინტეგრაციის მიმართულებით არსებული პროგრესი სათანადოდ აისახება ნატო-ს შესაბამის გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციაში.

„უახლოესი სამიტიდან უაღრესად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან აქტიური დიპლომატიურის საქმიანობა არის გაწეული ყველა დედაქალაქში, ყველა პარტნიორთან იმისთვის, რომ ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, შესაბამისად იყოს ასახული ნატო-ს დეკალარაციასა და გადაწყვეტილებებში.

აქტიური კომუნიკაციის შედეგად, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ საქართველოს საკითხი უკვე არის შეტანილი ნატო-ს სამიტის დღის წესრიგში, მიუხედავად იმისა, რომ სამიტი განსხვავებული ფორმატით ტარდება და არ არის სრულმასშტაბიანი სამიტი. ხანმოკლე, ერთგვარი მოსამზადებელი სამიტია 2022 წლის სამიტის, ამის მიუხედავად, საქართველოს თემატიკა აქტიურად განიხილება, შეტანილია დღის წესრიგში, რომლის სათაურიც გახლავთ „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის დღის წესრიგი“. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საქართველო განიხილება სწორედ იმ ღირებულებებთან და ფასეულობებთან ერთობლიობაში, რაც არის საერთო ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან. დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ის პროგრესი, რომელიც ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით გვაქვს, არამედ რეგიონში მიმდინარე თემატიკასთან და ოკუპაციასთან დაკავშირებით შეფასებები, ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან ასახული იქნება ნატოს- შესაბამის გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციაში“,- განაცხადა ზალკალიანმა.