ვარლამ გოლეთიანი – შეხვედრაზე ჩვენი პირობების ნაწილი შეთანხმდა, რაც ეხება ბარიკადების აღებას, პოლიციის გასვლას და პროტესტის დაბრუნებას ნამოხვანში, ასევე დავაყენეთ დაკავებული ბიჭების საკითხი

„ნახმახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე მათ მიერ წაყენებული პირობების ნაწილზე შეთანხმებას მიაღწიეს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ პარასკევამდე უნდა განახორციელოს რიონის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანა, რკინის ბარიკადების აღება და ხეობაში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა დაშვება. გოლეთიანის განცხადებით, ასევე უნდა შეწყდეს პროტესტის მონაწილეთა დაკავებები.

როგორც მან აღნიშნა, ამ პირობების შესრულების შემდეგ, მხარეები კვლავ შეიკრიბებიან და პროექტის შინაარსობრივ დეტალებზე იმსჯელებენ.

„დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებოდით, რათა მხარეებს პოზიციები დაგვეფიქსირებინა, რა შემთხვევაში დაიწყებოდა მედიაცია. თქვენ იცით, რომ ამისთვის გვქონდა ორი პირობა – აღებულიყო ბარიკადები, გასულიყო პოლიცია და შეწყვეტილიყო სამუშაოები. ამ პირობების ნაწილი შეთანხმდა, ვგულისხმობ ბარიკადების აღებას, საპოლიციო ძალების გასვლას და ჩვენი პროტესტის დაბრუნებას ძირითად ადგილზე, სადაც იყო, ნამოხვანში.

ასევე, მკაფიოდ დადგა დაკავებული ბიჭების საკითხი. მოწოდება გაკეთდება პროკურატურის მისამართით, რომ უნდა გათავისუფლდნენ ჩვენი თანამებრძოლები, მათ შორის სამინისტრომაც ჩაინიშნა ეს მიმართვა პროკურატურის მისამართით. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი თანამებრძოლების პოტენციური დაკავებები, რაც შეიძლება მოხდეს იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ამაზე ინფორმაცია. საყულოს შემთხვევა მინდა გაგახსენოთ, იქ სხვა ბიჭებიც არიან, რვა ადამიანია, გარდა ირაკლი მუკბანიანისა, რომელთა დაკავების საფრთხე არსებობს და ბუნებრივია, ამ ნაწილშიც დავაყენეთ საკითხი, რომ ზოგადად, ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი ამ დაკავებების ნაწილში უნდა შეწყდეს, თუ გვინდა, რომ პროცესმა გადაინაცვლოს მშვიდობიან ფორმატში, დიალოგის ფორმატში.

ასევე, შევთანხმდით, რომ თუკი ეს პირობები შესრულდება შემდეგ პარასკევამდე, ისევ შევიკრიბებით და დადგება შემდგომი პირობის განხილვის საკითხი, რაც გულისხმობს სამუშაო პროცესის შეჩერებას უშუალოდ ხეობაში“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მისი განცხადებით, ყველა ასეთ შეხვედრაზე პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მას არ ესწრებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები.

„ჩვენი პრობლემა ზოგადად არის ის, რომ როცა შეხვედრებზე მოვდივართ ხოლმე, გადაწყვეტილების მიმღები პირები მოპირდაპირე მხარეს არასდროს არ არიან ხოლმე. დღესაც იგივე პრეცედენტი იყო. სახელისუფლებო გუნდიდან მინისტრების მოადგილეები ბრძანდებოდნენ, რომლებიც ბუნებრივია, არ არიან გადაწყვეტილების მიმღებები, ანუ მათ არ შეუძლიათ, პირდაპირ გაგვცენ ამა თუ იმ კითხვაზე პასუხი. ამიტომ ის, რაც შეთანხმდა თუნდაც ამ ეტაპზე, ესეც გასავლელია გადაწყვეტილების მიმღებებთან და ამაზე უნდა მივიღოთ პასუხი პარასკევამდე.

იმისთვის, რომ შინაარსობრივ მხარეზე გადავიდეთ და ვიმსჯელოთ 100 წელზე, 49 წელზე თუ სხვა მნიშვნელოვან დეტალზე, საჭიროა პირობების შესრულება. თუ შესრულდება, შევიკრიბებით თავიდან და დავიწყებთ სხვა საკითხებზე მსჯელობას“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ამასთან, გოლეთიანმა ამ პროცესში მედიატორის როლს გაუსვა ხაზი.

„უმნიშვნელოვანესია მედიატორის როლი. სხვა დროს ვერანაირ კონსესუსს ვერ მივაღწიეთ ვერც ერთ ნაწილში, როცა ჩვენ, მხარეები ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. დღეს კი გვაქვს სახეზე გარკვეულწილად წინ გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა გოლეთიანმა.

საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის მედიაციით „ნამახვანიჰესის“ პროექტთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა გაიმართა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password