დირკ ბუშლე – შევთანხმდით, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ვაწარმოებთ რისკების შეფასებას, ხოლო რიონის ხეობაში მოხდება პროტესტის მონაწილეების თავისუფალი გადაადგილება

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის ხელმძღვანელის, დირკ ბუშლეს განცხადებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე მხარეები რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ, მათ შორის პროექტის რისკების შეფასებაზე, ხეობაში პროტესტის მონაწილეების თავისუფალ გადაადგილებასა და საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გეგმებზე.

„დღეს გაიმართა ძალიან ხანგრძლივი დისკუსია და შეხვედრა, რაც ნამდვილად პროდუქტიული იყო. მოხარული ვარ, რომ მოვახერხეთ დავასთან დაკავშირებული სამი ძირითადი პუნქტის განხილვა. ​ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ეხება თვით „ნამახვანის“ პროექტს. კერძოდ, ჩვენ მიერ იმის იდენტიფიცირებას, თუ რამდენად გამოიკვეთება პროექტთან დაკავშირებული რაიმე ისეთი რისკი, რაც გადახედვას საჭიროებს. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ისეთი რისკი იქნა გამოვლენილი რომლის აღმოფხვრის გარეშეც შესაძლოა დადგეს მნიშნელოვანი ზიანი, ჩვენი ამოცანა იქნება რისკის პრევენციის გზების იდენტიფიცირება.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რიონის ხეობაში არსებულ ვითარებაზე. ისევე როგორც ყველა მხარეს, გვსურდა, მონაწილეობა მიგვეღო ხეობაში არსებული ვითარების დეესკალაციაში და მოხარული ვარ, რომ ყველა საკმაოდ კონსტრუქციული იყო. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ კვირას მთავრობისა და პოლიციის მხრიდან ვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რაც უზრუნველყოფს იქ მცხოვრები მოწინააღმდეგების პროტესტისა და თავისუფალი გადაადგილების უფლებით სარგებლობას, თუმცა მათი მხრიდან ყოველგვარი გზების ბლოკირებისა და შეზღუდვების დაწესების გარეშე. საბედნიეროდ, დღევანდელ შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ხეობაში არსებული ვითარების განმუხტვა, დისკუსიაში ჩართული ყველა მხარის ინტერესში შედის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი მიღწევაა.

ბოლოს განვიხილეთ არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და მასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და მასშტაბური ჰიდროენერგეტიკული პროექტი საქართველოსთვის და ზოგადად ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის. ხაზგასასმელია, რომ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა არა მხოლოდ საქართველოს უფლება, არამედ როგორც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემწყობი მხარის ვალდებულებაც არის. ამ თვალსაზრისით, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოებას გაუზიარებს ინფორმაციას, თუ რა დაშვებების საფუძველზე და რა გზებით უნდა მოხდეს ენერგომომარაგების უზრუნველყოფა მომდევნო 10 წლის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია, რომ მიღწეულ შეთანხმებებს მოჰყვეს შესაბამისი ქმედებები, პროექტისადმი ნდობის აღდგენის მიზნით. ვხედავთ შემდგომი წარმატებული განხილვების პერსპექტივას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი როგორც მედიატორების ჩართულობით, არა მხოლოდ სიტუაციის დროებით განმუხტვას, არამედ პრობლემის გადაჭრას მივაღწევთ“, – განაცხადა დირკ ბუშლემ.

საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის მედიაციით „ნამახვანიჰესის“ პროექტთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა გაიმართა.