ყველა დიდი ზომის არარეგულირებული პანსიონი უნდა დაიხუროს, საპატრიარქო აბსოლუტურად იზიარებს ამ მოსაზრებას, საუბარია ყველა პანსიონზე და არა მხოლოდ ნინოწმინდაზე – „ვორლდ ვიჟენ-საქართველოს“ დირექტორი

ძალიან კარგი შეხვედრა იყო საპატრიარქოში. საპატრიარქომ გამოთქვა მზაობა და ღიაობა, რომ მოისმენენ ჩვენს რჩევებს, გაითვალისწინებენ იმ საუკეთესო პრაქტიკას და სტანდარტებს, რაც არსებობს ბავშვთა დაცვის სფეროში, – ამის შესახებ საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, World Vision-საქართველოს დირექტორმა, ეკა გურგენიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა დიდი ზომის არარეგულირებული პანსიონი უნდა დაიხუროს.

„ნინოწმინდის პანსიონს რაც შეეხება და არამხოლოდ მას, ყველა დიდი ზომის არარეგულირებული პანსიონი უნდა დაიხუროს და ამ თემაზეც გვაქვს შეთანხმება. საპატრიარქო აბსოლუტურად იზიარებს ამ მოსაზრებას, ყველა პანსიონზეა საუბარი და არა მხოლოდ ნინოწმინდაზე. მარტივი პროცესი არ არის. მაქსიმალურად სწრაფად ცდილობენ იქ მომუშავე სოციალური მუშაკები, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ეს პროცესი. სახალხო დამცველზეც იყო საუბარი და საპატრიარქომ განაცხადა რომ, მხარს უჭერს სახალხო დამცველის შეშვებას, მაგრამ როდის მოხდება, ამაზე მე ვერ გიპასუხებთ“, – განაცხადა გურგენიძემ.

საპატრიარქოში კარლ ჰარცელისა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.