თამარ ბარკალაია – ამ ეტაპზე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 23 ბავშვი რჩება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები ბავშვების შეფასება სოციალური მუშაკების მიერ. ასევე ადგილზე  იმყოფებიან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მუშაკები, როგორც გარანტი უსაფრთხოებისა.

როგორც მან საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა  ოჯახების მოძიებასა და გაძლიერებაზე, რათა პირველ რიგში მოხდეს ბავშვების ოჯახებში ინტეგრაცია.

„ამ ეტაპზე 23 ბავშვია ნინოწმინდაში, დიდი უმრავლესობა გაყვანილია ოჯახებში, მაგრამ ასევე არიან ალტერნატიული ზრუნვის სერვისებშიც. ეს არ უნდა გაგრძელდეს ხანგრძლივად, კანონმდებლობით 2022 წლის პირველი აპრილიდან ძალაში შედის ლიცენზირების შესახებ კანონის ის პუნქტები, რომელიც დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვას მოიაზრებს და ალტერნატიული ზრუნვის სერვისების მიწოდებას გულისხმობს. გამოდის, რომ პანსიონის საჭიროება აღარ იქნება. იქ არიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ მიჯაჭვულობა იქაურ მზრუნველებთან, აღიქვამენ მათ, როგორც მშობლებს, ამიტომ მათი მყისიერი გამოგლეჯვა ეწინააღმდეგება მათ ინტერესს, ამიტომ ვმუშაობთ იმ ბავშვებზე, რომლებსაც ჰყავთ ოჯახები და გაგვყავს ოჯახებში. ვადები ძალიან რთულია დავასახელო, რადგან სრულად არ არის შეფასებული ყველა ბავშვის საჭიროება ისევე, როგორც მათი ალტერნატიული ზრუნვა. ჩვენ ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას. ავტომატურად მოხდება პანსიონის დახურვა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების გამოყენება. მეტი გამჭირვალობის მომტანი არის პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა. ზოგადად, უნდა იყოს სახალხო დამცველისთვის ხელმისაწვდომობა მონიტორინგის განხორციელების პროცესში, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ, როგორც გარანტი ვართ წარმოდგენილი ამ პროცესში“, – განაცხადა ბარკალაიამ.