ნათია თურნავა – „ნამახვანთან“ დაკავშირებით დაწყებულია მედიაციის პროცესი, ახლა მთავარია, ვნებათაღელვა დაცხრეს და ყველანი გადავიდეთ მშვიდობიან, კონსტრუქციულ რეჟიმში

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანთან“ დაკავშირებით ევროპული ენერგეტიკული ქარტიის დავების საბჭოს თავმჯდომარის მედიაციით გამართული შეხვედრისას საკმაოდ საგნობრივი დისკუსია წარიმართა.

მისივე თქმით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

„მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა წინა კვირას. პრაქტიკულად დაიწყო „ნამახვანთან“ დაკავშირებით მედიაციის პროცესი. პირველი შეხვედრა ევროპული ენერგეტიკული ქარტიის დავების საბჭოს თავმჯდომარის მედიაციით გაიმართა, რომელიც ცხრა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრაზე ყველა დაინტერესებული მხარე იყო წარმოდგენილი. მათ შორის ის აქტივისტები, ვინც რიონის ხეობაში აპროტესტებენ ჰესის მშენებლობას, სხვადასხვა სპექტრის არასამთავრობო ორგანიზაციები. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ორი სამინისტრო, ეკონომიკის, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ასევე, თვითონ ინდუსტრიაც იყო წარმოდგენილი, განსახლებული ენერგიისა და მცირე ჰესების ასოციაციის სახით. საკმაოდ საგნობრივი დისკუსია წარიმართა.

ეს არის პერველი შეხვედრა. მედიაციის პროცესი უფრო რთულია და ამით არ ამოიწურება, პოზიციები იყო დაფიქსირებული. მნიშვნელოვანია, რომ რაც გამოქვეყნდა დასკვნაში დირკ ბუშელს სახელით, აღნიშნა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ უნდა მოხდეს დეესკალაცია ხეობაში, ნორმალურ პირობებს და ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს ხეობა, ეს ჩვენი დიდი სურვილიც არის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

თურნავა ამბობს, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პროცესებზე გარკვეული პასუხისმგებლობა პროტესტის მონაწილეებმაც უნდა აიღონ.

თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს უფლებები როგორც ინვესტორის, ასევე იმ ადამიანების რომლებიც პროექტის ფარგლებში მუშაობენ.

„დეესკალაციას რა თქმა უნდა, აქვს ორი მხარე. პირველი, ეს არის სახელმწიფო მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯები, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ, მაგრამ გარკვეული პასუხისმგებლობა იმ ადმაინაებმაც უნდა აიღონ, ვინც ხეობაში აპროსტესტებს, რომ ეს იქნება მშვიდობიანი პროცესი, რომ კომპანიას დღეს, რომელიც კანონიერად გაცემული ნებართვის პირობებში ახორციელებს მხოლოდ და მხოლოდ საწყის სამუშაოებს, მოსამზადებელ სამუშოებს, არ შეექმნება პრობლემა, მათ თანამშრომლებს არ შეეექმნებათ პრობლემა. 300-მდე ადგილობრივი მცხოვრებია, მათ შორის რიონის ხეობაში მცხოვრებლები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქაც ყველა უფლება იყოს დაცული როგორც ინვესტორის, ასევე იმ დამიანების, ვინც მუშაობს, ამ პროექტში არის დასაქმებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ დაისახა გეგმები, რათა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული რიგი საკითხების უფრო მაღალ დონეზე შესწავლა მოხდეს.

„გარდა ამისა, დაისახა გეგმები, რომ მოხდეს უფრო კვალიფიციურ, მაღალ დონეზე შესწავლა გარემოს დაცვის, კომერციული ასპექტების, თუ რა შედეგი შეიძლება, მოყვეს ამა თუ იმ ქმედებას, მათ შორის. იგივე სამუშაოების თუნდაც დროებით შეწყვეტას, რასაც მძიმე შედეგი ექნება როგორც ჩვენი საინვესტიციო იმიჯისთვის, ასევე სახელმწიფოსთვისაც, რადგან ამის შედეგად, პრაქტიკულად კომპანიას ექნება სრული უფლება, რომ სახელმწიფოს მოსთხოვოს ამაზე სრული პასუხი, ვინაიდან ისინი დღეს კანონიერი ნებართვის ფარგლებში მოქმედებენ.

ვფიქრობ, მთლიანობაში, ეს წინაპირობები, რაც დაისახა, იძლევა საშუალებას, რომ მშვიდობიანად, ეტაპობრივად მოხდეს პროექტის ირგვლივ ვითარების ნორმალიზება და ყველამ ერთად ვიმუშაოთ, რათა ეს პროექტი იყოს ისეთი, როგორიც შეესაბამება ჩვენს ინტერესებს, ქვეყნის ინტერსებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავამ ასევე აღნიშნა, რომ პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკება თურქულ კომპანიასთან და მათი კეთილი ნებაა, პირობები გაუმჯობესდეს, მათ შორის, გადაიხედოს იჯარით გადაცემული მიწების ხანგრძლივობა.

„იცით, რომ პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკება თურქულ კომპანიასთან, მათი კეთილი ნებაც არის, რომ პირობები გაუმჯობესდეს, მათ შორის, თუნდაც იჯარით გადაცემული მიწების ხანგრძლივობა გადაიხედოს, რაც არაერთგვაროვნად იყო აღქმული საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობას სრულად შეესაბამება და ჩვენ ამას ვხედავთ. ჩვენ ვმუშაობთ, რომ წუხილი გაუმჯობესებული ფორმით იყოს ასახული კონტრაქტში. ასე რომ, პროცესი მიმდინარეობს ჯანსაღად. ახლა მთავარია, ვნებათაღელვა დაცხრეს და ყველანი გადავიდეთ მშვიდობიან, კონსტრუქციულ რეჟიმში“, – განაცხადა თურნავამ.