დავით ზალკალიანი – მაქვს ინფორმაცია, რომ ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში საქართველოსთან მიმართებით არსებული დეფინიციები წარმოდგენილი იქნება ნატო-ს 2030 წლის სტრატეგიის დოკუმენტშიც

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საქართველოს შესახებ ჩანაწერი იქნება ნატო-ს 2030 წლის სტრატეგიის დოკუმენტშიც, რომელსაც ბრიუსელის სამიტზე დღეს მიიღებენ.

დავით ზალკალიანის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელის სამიტი ხანმოკლეა და 2022 წლის სამიტის ერთგვარ მოსამზადებელ შეხვედრას წარმოადგენს, საქართველოს თემატიკა დღევანდელ სამიტზე ცალკე იქნება განხილული და ქვეყნის პროგრესი ასახული იქნება სამიტის დეკლარაციაშიც.

„დღესვე მიღებული იქნება ცალკე დოკუმენტი. ეს გახლავთ 2030 სტრატეგია. ეს დოკუმენტი არ არის საჯარო. დიდი ალბათობით, არ იქნება საჯაროდ გამოქვეყნებული, მაგრამ ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოსთან მიმართებით არსებული დეფინიციები ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში ასევე იქნება წარმოდგენილი ამ დოკუმენტში. ბუნებრივია, შემდგომ გაგრძელდება ამ დოკუმენტის განხილვა, რათა ნატო-ს 2022 წლის სამიტზეც ასახული იყოს პროგრესი 2030 წლის კონცეფციასთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის განსხვავებული ფორმატის სამიტი, არის ხანმოკლე, სულ რამდენიმე საათს გაგრძელდება, საქართველოს თემატიკა იქნება აქტიურად განხილული ცალკე დღის წესრიგშიც და ამავე დროს დეკლარაციაში იქნება ასახული ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ინტეგრაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.