ნათია თურნავა – სრულიად საფუძვლიანია ჩვენი მოლოდინი, რომ წელიწადს დავამთავრებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით თუ არა, 6,5-6,7 ეკონომიკური ზრდით მაინც, რაც ძალიან დიდი ნახტომია

მორიგი დადებითი ინფორმაციაა ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით. დღეს დილით სტატისტიკის სააგენტოს მიერ გამოქვეყნდა მაისის თვის შეჯამებული საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის მაისში საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი მკვეთრად გაუმჯობესდა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი იმედისმომცემია.

„კერძოდ, ექსპორტში გვაქვს თითქმის 45 პროცენტიანი ზრდა, ექსპორტმა მაისში მიაღწია თითქმის 340 მილიონ დოლარს. მნიშვნელოვანია ასევე, რომ პირველ ხუთ თვეში, მიმდინარე თვის იანვარ-მაისში ექსპორტი გაიზარდა 24,4 პროცენტით. 2021 წლის მაისში, როდესაც ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია, ჩვენი წარმოების, ჩვენი პროდუქციის ექსპორტი 2019 მაისის დონეზე გვაქვს, ხოლო წინა წელთან შედარებით ძალიან მნიშვნელოვანი 45 პროცენტიანი ზრდა. თითოეული ასეთი მონაცემი იმედს გვაძლევს, რომ ეკონომიკური ზრდა, ისეთივე მაღალი იქნება, როგორიც აქამდე გვაქვს. სრულიად საფუძვლიანია ჩვენი მოლოდინი, რომ წელიწადს დავამთავრებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით თუ არა 6,5-6,7 ეკონომიკური ზრდით მაინც, რაც ძალიან დიდი ნახტომია და ნიშნავს იმას, რომ მთლიანად გავანულებთ 2020 წელს პანდემიით მიყენებულ ზიანს. ასევე გეტყვით, რომ ექსპორტი პირდაპირ მონაწილეობს მთლიანი შიდა პროდუქტის, ჩვენი ეკონომიკის ზრდის კომპონენტში და მისი ასეთი მაღალი პროცენტით გაზრდა მიანიშნებს იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდაც ასეთივე მაღალი იქნება“, -განაცხადა თურნავამ.