პირველი ივლისიდან საქართველოს მასშტაბით საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და მცირე საწარმოების ელექტრომომარაგებას „თელმიკო“ და „ეპ ჯორჯია მიწოდება“ უზრუნველყოფენ

პირველი ივლისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიაში აცხადებენ.

მათივე ცნობით, არ იცვლება სამომხმარებლო ტარიფი.

„თბილისში „თელასის“ ნაცვლად მოსახლეობას და მცირე საწარმოებს ელექტროენერგიას მიაწვდის „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო), ხოლო რეგიონებში, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად – „ეპ ჯორჯია მიწოდება“, – აცხადებენ სემეკ-ში.

მათივე ცნობით, „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო) და „ეპ ჯორჯია მიწოდება“ წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის მიერ დასახელებულ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს.

„ცვლილება განხორციელდა ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში, ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების შესაბამისად“, – განმარტავენ სემეკ-ში.