ვოლსკი – თუ პანსიონში რაიმე გადახრა არსებობდა, ამის წინააღმდეგ პირველმა ეკლესიამ უნდა გაილაშქროს 

“ქართლი ოცნების” წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, თუ ნინოწმინდის პანსიონში ძალადობის ფაქტებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, ამის წინააღმდეგ პირველ რიგში ეკლესიამ უნდა”გაილაშქროს.”

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, სიმართლის დადგენის ნაცვლად, ეკლესიის მისამართით  სკანდალებს აწყობენ.

“თუკი რაიმე გადახრა არსებობდა, რა საკვირველია, პირველმა ამის წინააღმდეგ უნდა გაილაშქროს და გაილაშქრებს კიდეც ეკლესია, რომლის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება ძალადობა. მაგრამ ის სკანდალური, ისტერიკული პოზიცია, რაც ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარეობს, მიუთითებს იმაზე, რომ სიმართლის დადგენა კი არ უნდა ვინმეს, ზარალის მიყენება უნდათ ეკლესიისათვის,”- აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, სახალხო დამცველი წლების განმავლობაში თავის ანგარიშებში აღნიშნულ პანსიონში ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე საუბრობს. ომბუდსმენის ინფორმაციით, პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავდა, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

14 ივნისს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელად დაინიშნა. გადაწყვეტილება ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის შეცვლასთან დაკავშირებით პატრიარქმა ილია მეიორემ მიიღო. პანსიონს ამ დრომდე მიტროპოლიტი სპირიდონი ხელმძვანელობდა. რაც შეეხება ბავშვთა პანსიონს, პანსიონში ამ დრომდე 23 ბავშვი რჩება, რომლებიც სოციალური მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.