როდესაც 2011 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პოლიტიკურ ოპონენტს და მის არასრულწლოვან შვილს უსმენ, ეს მიუთითებს იმაზე, თუ როგორი შიშის განცდა ჰქონდათ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს – ალუდა ღუდუშაური

როდესაც 2011 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პოლიტიკურ ოპონენტს და მის არასრულწლოვან შვილს უსმენ, ეს მიუთითებს იმაზე, თუ როგორი შიშის განცდა ჰქონდათ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ ლიდერებს,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის საუბრის ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საუბრის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად.

„ეს არის ამოკრებილი, დამახინჯებული, მოდელირებული ვერსია, რომელიც შესთავაზეს საზოგადოებას და შეეცადნენ, საზოგადოებაში შეექმნათ ცრუ განცდები იმასთან დაკავშირებით, თითქოს არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, ანზორ ჩუბინიძე ან ირაკლი ღარიბაშვილი მართლაც მსგავს ქმედებებს ჩადიოდნენ. გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ ეს იყო მათი მორიგი მოდელირებული, დამონტაჟებული ვერსია, რომ საზოგადოება მუდმივად ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ამყოფონ”, – განაცხადა ღუდუშაურმა.