გიგი უგულავა – გონებასთან ერთად, სირცხვილიც სულ დაკარგეს – შეათანხმეთ მაინც ვერსიები

პოლიტიკოსი  გიგი უგულავა პროკურატურაში ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ხელისუფლებამ  “გონებასთან ერთად სირცხვილიც დაკარგა.”

როგორც უგულავა სოციალურ ქსელში წერს, ჩანაწერების შინაარსი ირაკლი ღარიბაშვილს თავის დროზე არ უარყვია და მისი თქმით, უმჯობესი იქნება, თუ ვერსიებს შეათანხმებენ.

„კაცო, ღარიბაშვილმა თავად არ დაადასტურა რომ მე, როგორც „ქართუს” ვიცეპრეზიდენტს, მართლაც “მირეკავდნენ მინისტრები, ქალაქის მერი, პრეზიდენტის დედა და მეუღლეო”. ღარიბაშვილმა მხოლოდ ის უარყო, რომ ის მაშინ პრემიერი ან მთავრობის წევრი იყო. და ეს ბულულაშვილი რას ბოდავს, რაის “მილისტები.” გონებასთან ერთად, სირცხვილიც სულ დაკარგეს. შეათანხმეთ მაინც ვერსიები ქლიავებო,“- წერს გიგი უგულავა.

ცნობისთვის, პროკურატურამ 2021 წლის 6 მარტს ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი“ გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგები შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.  უწყების ცნობით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ „ტვ პირველის” ეთერში გასულ რეპორტაჟში არსებულ ყველა აუდიო ჩანაწერს აღენიშნება რედაქტირების კვალი და აბსოლუტურად ყველა მათგანი მიღებულია მონტაჟის გზით. პროკურატურის ინფორმაციით, დაადგინა, რომ  ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს “ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია.