ანა ნაცვლიშვილი პროკურატურის განცხადებაზე – “მელას თავის კუდი მოწმედ მოჰყავდაო”

“მელას თავის კუდი მოწმედ მოჰყავდაო“, – ასე ეხმიანება პარტია “ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ შუალედურ ანგარიშს.

როგორც ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საგამოძიებო უწყებას საზოგადოების ნდობა არ აქვს, შესაბამისად, მას პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძების შედეგების არ სჯერა.

„იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსტიტუციებს არ აქვთ პოლიტიკური დამოუკიდებლობა მმართველი პარტიისგან და მისი დამფუძნებლისგან, ცხადია, რომ სანდოობას ვერ მოიპოვებს. ამიტომ ჩვენი კითხვაა პროკურატურის მიმართ – რატომ არ იქნა ეს გათვალისწინებული და რატომ არ მოხდა ჩანაწერის საერთაშორისო, ყველასთვის სანდო ექსპერტიზის ბიუროსთვის გაგზავნა და საერთაშორისო საგამოძიებო კომპონენტის შემოტანა.

ძალიან უცნაურია, ამდენი ხნის განმავლობაში პროკურატურის დუმილი და ახლა ე.წ. შუუალედური ანგარიშის გამოქვეყნება მაშინ, როცა ასეთი პრაქტიკა პროკურტურას არ გააჩნია და ძალიან უცნაურად იყენებს მაღალი პოლიტიკური ინტერესის მქონე საქმეებში,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ პირველად აღნიშნულ საქმეზე გამოძიება „ლელომ“ მოითხოვა და ასევე, მათ  საერთაშორისო ექსპერტების  ჩართვაც სურდათ.

ცნობისთვის, პროკურატურამ 2021 წლის 6 მარტს ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი“ გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგები შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.  უწყების ცნობით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ „ტვ პირველის”ეთერში გასულ რეპორტაჟში არსებულ ყველა აუდიო ჩანაწერს აღენიშნება რედაქტირების კვალი და აბსოლუტურად ყველა მათგანი მიღებულია მონტაჟის გზით. პროკურატურის ინფორმაციით, დაადგინა, რომ  ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს “ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია.