ზურაბ ჯაფარიძე – 20 ივნისი არის დღე, რომელიც გახსენებს იმას, რაც საკუთარმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს დამართა – ეს არასოდეს არავის არ უნდა ეპატიოს
20 ივნისი არის დღე, რომელიც გახსენებს იმას, რაც ამ ქვეყანაში მოხდა ამ დღეს, რაც საკუთარმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს დამართა , – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის წინ ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც 2019 წლის 20 ივნისს დაზარალებულები და სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქციას მართავენ.
„მსგავსი რამის გაკეთების უფლება არ აქვს არცერთ მთავრობას და არასოდეს არავის ეს არ უნდა ეპატიოს, რომ თავში არავის მოუვიდეს საკუთარი მოქალაქეებისთვის რეზინის ტყვიებით დაშინება“ , – განაცხადა ჯაფარიძემ.
ამასთან, ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ამნისტიის კანონპროექტი „ქართული ოცნების“ მხრიდან არის მცდელობა, რომ „ვიღაცებს დანაშაული აპატიონ“.
„არანაირი მსგავსი რამ ამნისტიის კანონპროექტში შეთანხმებული არ ყოფილა მოლაპარაკების მაგიდასთან. მოლაპარაკების მაგიდაზე საერთოდ 20 ივნისი განხილვის თემა არ ყოფილა. მოლაპარაკების მაგიდასთან განხილვის თემა იყო ორი პოლიტპატიმარი“ , – განაცხადა ჯაფარიძემ.