ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი პირბადის მოხსნას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად – ჯერ უნდა გავიჭირვოთ

„ბოლო პერიოდში ეპიდვითარება უმჯობესდება ძალიან ნელი ტემპით. ანუ, არამდგრადი სტაბილიზაცია გვაქვს, რომელიც შეიძლება ყოველ წუთს წავიდეს გაუარესებისკენ. ამის პირველი ნიშანი არის ის, რომ ბოლო 1 კვირის დადებითობის მაჩვენებელი ცოტა ზემოთ აიწია,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  ცენტრი პირბადის მოხსნის რეკომენდაციას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.

როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, ქვეყანაში ეპიდვითარების არამდგრადი სტაბილიზაცია გვაქვს.

„ეს არ არის მყარი საფუძველი ვთქვათ, რომ ეპიდვითარება უარესდება, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო კვირაში დადებითობის მაჩვენებელი ქვემოთ აღარ მოდის, სტაბილურია.

აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჯერჯერობით არ მიიჩნევს მიზანშეწონილად პირბადის ხმარების მოხსნას. მესმის, რთულია ზაფხულია, მაგრამ საქართველოსთვის 300-700 შემთხვევა საკმაოდ დიდი რაოდენობა. ჯერ უნდა გავიჭირვოთ და პირბადე უნდა ვატაროთ”, – აღნიშნავს გამყრელიძე.