გია ხუხაშვილი -ახლა გარე სივრციდან დახურულში რომ შევლენ და ჯიბეში “ჩაჭუჭყნულ” პირბადეს გაიკეთებენ, ეფექტურობა ნულს მიუახლოვდება

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება იხსნება.

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება ინფიცირების მაჩვენებელს კიდევ უფრო გაზრდის.

“ღია სივრცეში პირბადის ტარების ერთადერთი აზრი იყო ის, რომ უწყვეტად გეკეთა გარე და დახურულ სივრცეში და ამით სტერილურობას ინარჩუნებდი. ახლა გარე სივრციდან დახურულში რომ შევლენ და ჯიბეში “ჩაჭუჭყნულ” პირბადეს გაიკეთებენ, რომლის ეფექტურობა 0-ს მიუახლოვდება. ამას დღეში რამდენჯერმე გაიმეორებენ შესვლა-გამოსვლაზე, ამით დაინფიცირების რისკი კი არ მცირდება, იზრდება,”- წერს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი ივლისიდან საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება. ასევე, მოქალაქეებს დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება ეხსნებათ. თუმცა, პირბადის ტარება ხალხმრავალ ადგილებში, მათ შორის გაჩერებებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში კვლავ სავალდებულო იქნება.