აკაკი მინაშვილი: სასამართლოს დამოუკიდებლობა გვჭირდება იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს თავისუფლება და სამართლიანობა

„სასამართლოს დამოუკიდებლობა არ არის ვინმეს თვითმიზანი. სასამართლოს დამოუკიდებლობა გვჭირდება იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს თავისუფლება, სამართლიანობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს ეკონომიკური განვითარება და ადამიანებმა დაიწყონ ნორმალური ცხოვრება. რათა ქვეყანაში შემოვიდეს ინვესტიციები და შეიქმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაოები. იფიქრეთ ამაზე“,-ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია“ წევრმა აკაკი მინაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

აკაკი მინაშვილის თქმით, „ქართლმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულება და საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნები მოსამართლეთა დანიშვნების პროცესის შეჩერების შესახებ.

„რა სინდისით საუბრობთ შარლ მიშელის დოკუმენტზე, როდესაც პირდაპირ და ძალიან მკაფიოდ არღვევთ იმ მოთხოვნებს, რომელიც ამ დოკუმენტშია. გარდა ამ დოკუმენტისა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, რომ შეაჩერეთ მოსამართლეების დანიშვნები როგორც უზენაეს სასამართლოში, ასე სხვა დონის სასამართლოებში. შეაჩერეთ დანიშვნები იუსტიციის საბჭოში. არც ერთი ეს დაპირება არ შეასრულეთ. 50-მდე მოსამართლე იქნა დანიშნული კლანის მიერ“,-განაცხადა აკაკი მინაშვილმა.