გიორგი ვაშაძე – არც ერთ საქმეს შუა გზაში არ დავტოვებთ, ყველა საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, ყოველთვის მათი მტერი ვიქნები, ვინც ჩაგვრას გააგრძელებს საქართველოში

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ  მისმა პარტიამ 43 მილიონ ლარიან სქემას ახადა ფარდა.

„ყვითელი „მარშრუტკებიდან“ ლურჯ „მარშრუტკებზე“ გადასვლის პროცესში კახა კალაძემ 43 მილიონი ამოუღო ჯიბიდან მძღოლებს, დისპეტჩერებს, მოიჯარეებს და მშიერი დატოვა ხალხი. აქციაც გვქონდა და ამ თემას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი ვაშაძემ.

„არც ერთ საქმეს შუა გზაში არ დავტოვებთ და ყველა საქმეს მივიყვანთ ბოლომდე – პენსიონერებსაც გაუიაფდებათ სესხის პროცენტი, სამარშრუტო ტაქსებზეც აღდგება სამართლიანობა და ადამიანები, რომლებმაც ეს სამარშრუტო ტაქსები განავითარეს, დაბრუნდებიან“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.

ამასთან, გიორგი ვაშაძის თქმით, ძალიან ცუდია, რომ უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა „სტრატეგია აღმაშენებლის“ კანონპროექტს, რომელიც „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან პენსიონერების ძარცვის პროცესის წინააღმდეგ იყო მიმართული.

„თქვენ საქართველოს მოქალაქეებს ჩაგრავთ და ყოველთვის მათი მტერი ვიქნები, ვინც ჩაგვრას გააგრძელებს საქართველოში“, – მიმართა ვაშაძემ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს.