მამუკა ხაზარაძე – რუსი ტურისტები, რომლებიც მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის, უნდა გრძნობდნენ, რომ მათ სახელმწიფოს არ უნდა ჰყავდეს ჩვენგან გატაცებული ჩვენი მოქალაქეები

ჩვენ უნდა გვქონდეს მკაფიო, მკაცრი პოზიცია და ის ტურისტები, რომლებიც მოდიან, ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია რუსი ტურისტები, ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ მათ სახელმწიფოს არ უნდა ჰყავდეს ჩვენგან გატაცებული ჩვენი მოქალაქეები, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხები უნდა შეჯერდეს და უნდა იყოს ერთიანი პოზიცია, რათა ნებისმიერი მოქალაქე გრძნობდეს სახელმწიფოს მხარდაჭერას.

„მინდა, ვისაუბრო პრობლემაზე, რომელიც ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით არის წარმოშობილი. მე მაგონდება ის პერიოდი, როცა ჩვენ ომი გვქონდა 90-იან წლებში და ნახევარი საქართველო დუბაიში დადიოდა შოპინგტურებზე. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს დიდი პრობლემა საზოგადოებაში და როგორც ერს, რადგან ვერ ჩამოვყალიბდით, რა პოზიცია უნდა დავიკავოთ ოკუპაციის მიმართ, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს ღირსება. ჩვენ იმიტომ ვერ შევდექით სახელმწიფოდ, რომ დღესაც კი ვიღაც ამბობს, რომ გავრილოვის ჩაჯდომა ამ სკამში არაფერი დიდი ტრაგედია არ იყო. გახელაძისა და ხვალ შეიძლება უამრავი სხვა გვარის გატაცება ჩვენი ტერიტორიიდან, არაფერი არ იყო, მოდით ერთხელ და სამუდამოდ იქნებ ჩამოვყალიბდეთ, ეს არ არის პოზიციისა და ოპოზიციის საქმე. ეს არის სახელმწიფოებრივი ღირსების საკითხი. ქვეყანა არის პრაქტიკულად საომარ მდგომარეობაში. ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული. შესაბამისად, უნდა გვქონდეს მკაფიო, მკაცრი პოზიცია და ის ტურისტები, რომლებიც მოდიან, ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია რუსი ტურისტი, ის უნდა გრძნობდეს, რომ აქ მათ სახელმწიფოს არ უნდა ჰყავდეს ჩვენგან გატაცებული ჩვენი მოქალაქეები. ეს ჩემი თხოვნაა და მოწოდება, ასეთი სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხები შევაჯეროთ და გამოვიდეთ ერთიანი პოზიციით, რომ ერთ მოქალაქე გრძნობდეს სახელმწიფოს მხარდაჭერას. კარგი მაგალითია ისრაელი, როდესაც ერთ ადამიანს მოუკლავენ, მთელი ქვეყანა დგება და მდუმარებით გამოდის, არ აქვს მნიშვნელობა იქ ოპოზიციაში ხარ თუ პოზიციაში, რადგან მათ გააჩნიათ სახელმწიფო თვითშეგნება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.