მინდა, მივმართო მოსახლეობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაიტეხონ გული იმის გამო, რომ საქართველოში ვაქცინაცია დაგვიანდა, წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 65% გვეყოლება ვაქცინირებული – თენგიზ ცერცვაძე

მინდა, მივმართო მოსახლეობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაიტეხონ გული იმის გამო, რომ საქართველოში ვაქცინაცია დაგვიანდა და ჯერ ვერ გავიდა სამიზნე მასშტაბებზე – რაც დაგვიანდა-დაგვიანდა, წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 65% გვეყოლება ვაქცინირებული და საქართველოში პანდემია დაძლეული იქნება,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ცერცვაძის თქმით,  „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით იყო ტექნიკური შეფერხება, მაგრამ 12 კვირის ინტერვალს არც ერთი ადამიანის ვაქცინაცია არ გადასცდება.

ამასთან, როგორც ცერცვაძე აცხადებს, რამდენიმე დღეში ჩამოვა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 ათასი დოზა და არავითარი პრობლემა არ იქნება.

„ასტრაზენეკას“ მეორე დოზის გაკეთებასთან დაკავშირებული შეფერხება სუფთა ტექნიკურმა ფაქტორმა გამოიწვია, ვაქცინა შეძენილია. მისი ტრანსპორტირება უნდა მომხდარიყო სამი დღის წინ და შესაბამისად იყო ყველაფერი გათვლილი. რამდენადაც ვიცი, იყო გადაზიდვის პრობლემა და ის პარტია, რომელიც უნდა ჩამოსულიყო 3-4 დღის წინ, თვითმფრინავის იმ რეისზე ვერ მოხვდა. სულ ეს იყო. მე რა ინფორმაციაც მაქვს, რამდენიმე დღეში ჩამოვა 43 ათასი დოზა „ასტრაზენეკას“ პარტია და არავითარი პრობლემა არ იქნება.

მანამდე ქვეყენაში არსებული მარაგის მობილიზება მოხდა და ასაცრელად მოიწვიეს ის პაციენტები, რომელთაც პირველი ვაქცინაციის შემდეგ ათკვირიანი ვადა გასდიოდათ. ასე რომ, ისინი ყველანი აცრილი არიან. თუ ვინმეს ხმაურის ატეხვა უნდოდა, ერთი შეხედვით, იყო ამისი საბაბი, მაგრამ არავითარი ზიანი ამის გამო არავის არ მისდგომია. უბრალოდ, რამდენიმე ათეული, შეიძლება ასი ადამიანი, აიცრება რამოდენიმე დღით გვიან. ეს არავითარ გავლენას არ მოახდენს ამ ადამიანების იმუნიტეტზე, რადგან „ასტრაზენეკას“ ოფიციალურად უწერია, რომ მეორე დოზა უნდა გაკეთდეს 8-12 კვირამდე ინტერვალში. 12 კვირის ინტერვალს არც ერთი ადამიანის ვაქცინაცია არ გადასცდება.

რაც შეეხება ჩვენს კლინიკას, აქ იყო რამდენიმე ათეული, დაახლოებით 30 პაციენტი. ასევე, როგორც ვიცი, პრობლემა იყო რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ჩვენ ვაქცინაციის აღმსრულებელი ვართ, მის ლოჯისტიკასა და განაწილებას არ ვახდენთ, ამიტომ სხვა კლინიკის მონაცემები არ მაქვს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.